Aa
Aa

ტომ ბრეიდის ბენეფისი - ტამპა ბეი სუპერ ბოულის გამარჯვებულია

„ტამპა ბეი ბაკანიერსი“ რიგით 55-ე სუპერ ბოულის გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ლეგენდარული ტომ ბრეიდის გუნდი მოქმედ ჩემპიონს, „კანზას სითი ჩიფსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა.

„ტამპა ბეიმ“ საუცხოო მატჩი ჩაატარა და როგორც შეტევაში, ისე დაცვაში ბრწყინვალედ იასპარეზა. „ბაკანიერსმა“ პატრიკ მაჰოუმსსა და „კანზას სითის“ მრისხანე შეტევას თაჩდაუნის გაფორმების საშუალება არ მისცეს, თავად კი მეტოქის შეცდომებით კარგად ისარგებლეს და 31-9 იმარჯვეს.

სუპერ ბოულის MVP-დ „ტამპა ბეის“ 43 წლის ქუორთერბექი, ტომ ბრეიდი დაასახელეს. ამ უკანასკნელმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეხუთედ მოიპოვა. სათქმელია ისიც, რომ ბრეიდი სუპერ ბოულის გამარჯვებული მე-7-ედ გახდა და იგი NFL-ის ისტორიაში ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც 40 წლის შესრულების შემდეგ, ტიტული ერთზე მეტჯერ მოიგო.

„ტამპა ბეი“ ვინს ლომბარდის სახელობის თასს ისტორიაში მეორედ დაეუფლა და სეზონი ტრიუმფალურად დაასრულა. „ბაკანიერსის“ თავკაცი, ბრიუს არიანსი კი ყველაზე ასაკოვანი მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელმაც სუპერ ბოული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები