იდეალურად ზუსტი დარტყმა - სიჭინავას პროდუქტიული მატჩი უკრაინაში
Aa
Aa

იდეალურად ზუსტი დარტყმა - სიჭინავას პროდუქტიული მატჩი უკრაინაში

უკრაინის პრემიერ ლიგის კლუბ ''ინგულეცის'' ქართველმა ფორვარდმა ნიკა სიჭინავამ ძალიან პროდუქტიული მატჩი ჩაატარა. მე-15 ტურის შეხვედრა ''ინგულეცსა'' და ''ვორსკლას'' შორის ფრედ 2:2 დასრულდა.

''ინგულეცის'' სასტარტო შემადგენლობაში 26 წლის სიჭინავამ შეუცვლელად ითამაშა. 22-ე წუთზე ''ინგულეცმა'' ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გახსნა, რომელიც სიჭინავამ გამოიმუშავა, თამაშის წესის დარღვევა სტუმართა საჯარიმოში მის წინააღმდეგ დაფიქსირდა.

მეორე ტაიმის სტარტზე ანგარიში გათანაბრა. 62-ე წუთზე სიჭინავამ ''ინგულეცი'' წინ გაიყვანა, იდეალურად ზუსტი დარტყმით მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი ჩაიწერა აქტივში. 

დარჩენილ დროში სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოასწრეს და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. 14-გუნდიან პრემიერ ლიგაში ''ინგულეცი'' 12 ქულით მე-10 ადგილზეა.

ნიკა სიჭინავამ გასულ სეზონში უკრაინის რანგით მეორე ლიგაში 17 გოლი შეაგდო და საუკეთესო ბომბარდირს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველი ფორვარდი უკრაინის რანგით მეორე ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ფეხბურთელი უკრაინის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, მან 13 მატჩში 4 გოლი შეაგდო.

ქუთაისში დაბადებული სიჭინავა ფოთის ''კოლხეთისა'' (2013, 2014-15) და თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' (2013-14) ყოფილი მოთამაშეა. 2016 წლიდან მოყოლებული ''ინგულეცის'' ღირსებას იცავს.

2018-19 წლების სეზონში ''ინგულეცი'' უკრაინის თასის ფინალში გავიდა, სადაც დონეცკის ''შახტართან'' დამარცხდა. აღნიშნული შეხვედრა ''შახტარმა'' 4:0 მოიგო. გამარჯვებულთა მხრიდან ხოჭოლავა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ხოლო სიჭინავა მატჩის მიმდინარეობისას ჩაერთო თამაშში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები