Aa
Aa

ლაციო VS ბაიერნი - მატჩის წინ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის მერვედფინალური ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართება. ამჯერად, თქვენს ყურადღებას ''მარადიულ ქალაქში'' გასამართი დაპირისპირებისკენ მივმართავთ. სიმონე ინძაგის გაწვრთნილი ''ლაციო'', რომელმაც სერია ა-ში ბოლო 8 თამაშიდან 7 მოიგო, ''სტადიო ოლიმპიკოზე'' ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, ჰანს ფლიკის მიუნხენის ''ბაიერნს'' უმასპინძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩირო იმობილეს სერია ა-ს უკანასკნელ ორ მატჩში გოლი არ გაუტანია, შესანიშნავ სეზონს ატარებს და იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ლუკაკუსა და რონალდუს ჩამორჩება. ჩირო იმობილეს შესახებ მატჩამდე ნოიერმა და მიულერმა ისაუბრეს.

მანუელ ნოიერი: ''ჩვენ ფავორიტებში ვფიგურირებთ, მაგრამ რთული მატჩი გველის. ''ლაციოს'' ხომ ჩირო იმობილე ჰყავს, ვიცით თუ რამდენად სახიფათო ფორვარდია''.

ტომას მიულერი: ''ლაციო'' ძალიან სახიფათოა შეტევაში, განსაკუთრებით კი ჩირო იმობილესთან ერთად, რომელიც გასულ სეზონში სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა''.

სერი ა-ს გასულ ტურში სიმონე ინძაგის ფეხბურთელებმა გენუის ''სამპდორია'' ლუის ალბერტოს გოლით დაამარცხეს და ''სან სიროზე'' მილანის ''ინტერთან'' მარცხის შემდეგ კარგი განწყობა დაიბრუნეს.

გამარჯვება ''სამპდორიასთან''


იმის მიუხედავად, რომ ''ლაციომ'' ბოლო 8 შეხვედრიდან 7 მოიგო, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, თუმცა ლიდერ ''ინტერს'' მხოლოდ 10 ქულით ჩამორჩება და წარმოუდგენელი სულაც არ იქნება, რომ რომაულ კლუბს შედეგიანი თამაშის გაგრძელების შემთხვევაში ჩემპიონობის რეალური ამბიცია გაუჩნდეს.

ჩირო იმობილე და სიმონე ინძაგი

სიმონე ინძაგი: ''ხვალინდელი მატჩი ფანტასტიკურ გუნდთან მუშაობის კულმინაციაა. ჩვენ ვითამაშებთ საუკეთესო ფეხბურთს, ვაჩვენებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამ ასპარეზობით სიამოვნებას მივიღებთ. ''ბაიერნმა'' მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. მეტოქის სისუსტეებზე მეტად ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული. ჩვენ ბევრი ფინალი, ბევრი გადამწყვეტი მატჩი ჩაგვიტარებია და ვიცით როგორ ვითამაშოთ ასეთ შეხვედრებში''.

2018-19 წლების სეზონში ''ლაციომ'' იტალიის თასი მოიგო, ხოლო 2017 და 2019 წლებში სუპერთასის გამარჯვებული გახდა. სიმონე ინძაგი რომაულ კლუბს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს.

ჰანს ფლიკის ''ბაიერნი'' ''მარადიულ ქალაქს'' არცთუ ისე კარგი განწყობით ესტუმრება, მისმა გუნდმა ბუნდესლიგის გასულ ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, საკუთარ კედლებში აუტსაიდერ ბულეფილდის ''არმინიასთან'' ფრედ (3:3) დასრულებული მატჩის შემდეგ სტუმრად ''აინტრახტთან'' დამარცხდა (2:1).


ამასობაში ''ლაიფციგმა'' ბოლო ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა და ''ბაიერნს'' მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება და შესაძლოა მიმდინარე სეზონში ახალი ჩემპიონი ვიხილოთ, თუმცა რაც ნამდვილად არ შეიცვლება, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის საკითხია, რობერტ ლევანდოვსკი 21 შეხვედრაში გატანილი 26 გოლით პირველზეა და უშუალო კონკურენტს 8 გოლით უსწრებს. პოლონელმა ვარსკვლავმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ ბოლო 12 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ბოლო 12 მატჩიდან გოლი მხოლოდ ერთ შეხვედრაში ვერ შეაგდო.

ფლიკის ხელმძღვანელობით გერმანულმა გრანდმა პირველი მატჩი 2019 წლის 6 ნოემბერს ჩაატარა. მას შემდეგ გერმანულმა გუნდმა ფლიკის თავკაცობით 70-დან 58 მატჩი მოიგო, 6 მატჩი ფრედ დაასრულა და 6 შეხვედრაში დამარცხდა. ''ლაციოსთან'' მატჩი ფლიკისთვის რიგით 71-ე იქნება.

ფლიკი: ''ჩვენ გვაქვს გამარჯვების რწმენა და იდეა თუ როგორ უნდა ვითამაშოთ საწყისი წუთებიდანვე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ, ჩვენთვის განსაკუთრებული მატჩებია და მე ვარ აღელვებული, როცა ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის გუნდი განსაკუთრებულად მოტივირებულია''.

რობერტ ლევანდოვსკი: ''ლაციოსთან'' მატჩს კარგად მომზადებულები უნდა შევხვდეთ. ეს ის გუნდია, რომლიც იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძოდა. რთული მატჩის მოლოდინი მაქვს''.

''სტადიო ოლიმპიკოზე'' მატჩის მთავარი არბიტრი ებარელი ორენ გრინფელდი იქნება, რომელიც 2012 წლიდან FIFA-სა UEFA-ს მსაჯია, ხოლო ევროპა ლიგაზე 2015-16 წლების სეზონიდან მსაჯობს, გასული სეზონიდან მოყოლებული კი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს ანდობენ.

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები

ლაციო: რეინა, პატრისიო, აჩერბი, მუსაკიო, ლაძარი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლეივა, ლუის ალბერტო, მარუშიჩი, ხოაკინ კორეა, იმობილე

ბაიერნი: ნოიერი, ზიულე, ბოატენგი, ალაბა, დევისი, კიმიხი, როკა, სანე, გორეცკა, კომანი, ლევანდოვსკი

''ლაციოს'' ტრავმის გამო ტომაშ სტრაკოშა და ლუის ფელიპე ვერ დაეხმარებიან, ხოლო ფლიკის გუნდში ექვსი ტრავმირებულია. ესენი არიან: დუგლაშ კოშტა, ტანგი ნიანზუ, ალექსანდრ ნიუბელი, ბენჟამენ პავარი, მალიკ ტილმანი, კორენტინ ტოლისო. ასევე, საეჭვოა გნაბისა და ტომას მიულერის ასპარეზობა, ხოლო ''ლაციოს'' შესაძლოა რუმინელი სტეფან რადუ ვერ დაეხმაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები