Aa
Aa

ატლეტიკო VS ჩელსი - მატჩის წინ

სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „ატლეტიკო“ ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. მატჩი ნეიტრალურ არენაზე ჩატარდება. როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რეგულაციების გამო შეხვედრა რუმინეთში გადაიტანეს და მას ბუქარესტში Arena National-ი უმასპინძლებს.

პანდემიასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების თანახმად, ესპანეთის ხელისუფლება ბრიტანეთიდან ფრენებს დროებით კრძალავს. აქედან გამომდინარე, შეზღუდვა ავტომატურად შეეხო საფეხბურთო მატჩებსაც.

ხსენებული არენა „ატლეტიკოსთვის“ ნაცნობია. 2012 წელს სიმეონეს გუნდი „ბილბაოს“ წინააღმდეგ ევროპა ლიგის გამარჯვებული (3:0) გახდა.

გთავაზობთ გუნდების წინასამატჩო მდგომარეობას:

ატლეტიკო - გუნდის მდგომარეობა და დანაკლისი

„ჩოლოს“ გუნდი ჩემპიონთა ლიგას არც ისე კარგ ფორმაში ხვდება. მადრიდელებმა ლა ლიგაში გამართული ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და გასულ ტურში დიდი ხნის შემდეგ პირველი მარცხიც იწვნიეს.

„ატლეტიკომ“ 4-დღიან ინტერვალში „ლევანტესთან“ ორი მატჩი გამართა და მხოლოდ 1 ქულის აღება შეძლო.


„როხიბლანკოს“ წაფორხილებით „რეალმა“ ისარგებლა და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა „ატლეტიკოს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სულ რაღაც 2 კვირის წინ, ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ბევრი დასრულებულად თვლიდა, რადგან „ატლეტიკო“ „რეალსა“ და „ბარსას“ 13 ქულით უსწრებდა.

სიმეონეს ტრავმირებულთა სიაში ამ მომენტისთვის კარასკო, ხიმენესი და ერერა ჰყავს. „ჩოლოს“ მათი იმედი არ უნდა ჰქონდეს.

რა თქვა სიმეონემ მატჩის წინ:

"ეს მატჩი კარგი საშუალებაა იმის დასამტკიცებლად, რომ "ლევანტესთან" მარცხის შემდეგ გუნდს ყველაფერი რიგზე აქვს. შევეცდებით გავუმკლავდეთ მნიშვნელოვან მეტოქეს, რომელსაც ჩინებული ფეხბურთელები ჰყავს.

გუნდს "ლევანტესთან" კარგი პირველი ტაიმი არ ჰქონია. მეტოქემ ამით ისარგებლა და კარგი რეაგირება მოახდინა. საერთო ჯამში დაფიქსირებული შედეგი არ შეგვეფერებოდა.

ნებისმიერ ტურნირზე და ნებისმიერ მატჩში სუარესი ყველა მეტოქეს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს.

ჩვენ ვუპირისპირდებით მეტოქეს, რომლის მწვრთნელის გუნდებიც ყოველთვის ძალიან კარგად თამაშობდნენ. ტუხელის "ჩელსიში" მისვლის შემდეგ, გუნდის თამაში გაუმჯობესდა, ციფრები ამაზე მეტყველებენ".

კოკე: "მოუთმენლად ველით ტურნირის განახლებას. ჩემპიონთა ლიგაზე დეკემბრის შემდეგ აღარ გვითამაშია და დაბრუნება რთული იქნება. ეს სიკვდილ-სიცოცხლის მატჩია.

პირველი შეხვედრა ყოველთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის არის. თავის გამამართლებელი მიზეზები არ უნდა ვეძებოთ. ბუქარესტში ვითამაშებთ და აქ კარგი მოგონებები გვაქვს. გუნდთან ერთად ჩემი პირველი ტიტული სწორედ აქ მოვიგე.

ბედნიერები ვართ, რომ თამაშის საშუალება გვაქვს. კარგად უნდა ვიასპარეზოთ და მატჩი მოვიგოთ".

ჩელსი - გუნდის მდგომარეობა და დანაკლისი

„არისტოკრატებში“ ტომაშ ტუხელის მისვლის შემდეგ ცვლილებები დაიწყო. გერმანელმა სპეციალისტმა მოსვლის დღიდანვე სათამაშო სქემა შეცვალა და შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაც განახორციელა.

ამჟამინდელი „ჩელსი“ კონტეს დროინდელი სქემით თამაშობს და 3-4-3-ით მოქმედებს.

ლონდონელებმა პრემიერლიგის გასულ ტურში „საუთჰემპტონს“ სტუმრად ვერ მოუგეს (1:1) და მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.


ტუხელის გუნდი ამ მომენტისთვის მოწინავე ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და 43 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. ლონდონელები თანაქალაქელ „ვესტ ჰემს“ 2 ქულით ჩამორჩებიან.

40-40 ქულით „არისტოკრატებს“ „ლივერპული“ და „ევერტონი“ მისდევს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად დიდი ბრძოლაა გაჩაღებული და რთული სათქმელია, თუ როგორ დაკომპლექტდება ოთხეული.

„ჩელსის“ „ატლეტიკოს“ მსგავსად შემადგენლობის მხრივ პრობლემები აქვს. დაცვის ლიდერი ტიაგო სილვა უკვე კარგა ხანია დაშავებულია. ბრაზილიელის გარდა ტუხელს ტამი აბრაჰამი და მეისონ მაუნტი დააკლდება.

რა თქვა ტუხელმა მატჩის წინ:

"ეს მატჩი ჩვენთვის დიდი გამოცდაა. მეტოქე ამ დონის მატჩებში თამაშის გამოცდილებას ფლობს. მათი მწვრთნელიც ძალიან გამოცდილია. იმედი მაქვს ეს ფაქტი ჩვენი საუკეთესო ვერსიის ხილვის შესაძლებლობას მოგვცემს.

დიახ, გასულ ზაფხულს როცა პსჟ-ში ვიყავი, ჩვენ ლუის სუარესის შეძენას ვცდლობდით, თუმცა მან ესპანეთში დარჩენა ამჯობინა.

ტიაგო სილვა ვერ დაგვეხმარება, პულიშიჩი და ჰავერცი მწყობრში არიან და თამაშს შეძლებენ.

ჩვენ ჩვენი გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ, ისინი საკუთარს გაჰყვებიან. წინასწარვე ნათელია, თუ რას მიიღებ "ატლეტიკოსთან" მატჩში: ჩხუბს, გამოცდილებას და გუნდი კარგი მენტალიტეტით".

შეხვედრის შესახებ კაპიტანმა სეზარ ასპილიკუეტამაც ისაუბრა: "ჩვენი მეტოქე ძალიან შეკრული გუნდია. ისინი ლა ლიგას ლიდერობენ. ვიცით, რომ კონკურენციის გაწევა ძალიან ძლიერი გუნდისთვის მოგვიწევს. მადრიდელები თავიანთ მწვრთნელთან რამდენიმე წელია მუშაობენ.

სახლიდან შორს ვითამაშებთ, მაგრამ საკუთარი სტილის დემონსტრირებას შევეცდებით. მხოლოდ გამარჯვებაზე ვართ კონცენტრირებულნი. ტუხელმა გუნდში მოსვლის პირველივე დღიდან მკაფიოდ აგვიხსნა, თუ რა სურდა ჩვენგან. ყოველ შეხვედრაში ვცდილობთ მის გეგმავს მივყვეთ".

ურთიერთშეხვედრები და რას უნდა ველოდოთ მატჩისგან?

სიმეონეც და ტუხელიც ამ მომენტისთვის 3 ცენტრალური მცველით თამაშს ანიჭებს უპირატესობას.

„ატლეტიკო“ 3-5-2-ს იყენებს, ხოლო „ჩელსი“ 3-4-3-ს. დიდი ალბათობით მძიმე თამაში იქნება და მაყურებელი ბევრ გოლს არ უნდა ელოდოს.

გუნდები აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე 6-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 2-ჯერ „ჩელსიმ“ მოიგო, 3-ჯერ ფრედ დასრულდა და ერთჯერ მადრიდელებმა იმარჯვეს.

კიდევ ერთი მატჩი გუნდებმა უეფას სუპერ თასზე 2012 წელს გამართეს, რომელიც მადრიდელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები