„უფრო ძლიერი ვერ დაბრუნდება
Aa
Aa

„უფრო ძლიერი ვერ დაბრუნდება" - ხაბიბი კონორზე, ტონისა და სენ-პიერზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორის, ტონი ფერგიუსონისა და ჟორჟ სენ-პიერის შესახებ ისაუბრა. „არწივი“ დარწმუნებულია, რომ ირლანდიელი უმაღლეს დონეზე ვეღარ იჩხუბებს და MMA-ში მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება.

„გამორიცხულია, კონორი უფრო ძლიერი დაბრუნდეს. შეუძლებელია, ადამიანი კარიერის პიკში 2-ჯერ იყოს. ეს მხოლოდ კონორს არ ეხება. მსგავსი რამ მხოლოდ გუნდს შეუძლია. მაგალითად, რეალმა ეს ზედიზედ რამდენჯერმე გააკეთა. გუნდისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ფეხბურთელები იცვლებიან, მაგრამ ჩვენ საუბარი ერთ ადამიანზე გვაქვს, რომელსაც შეუძლებელია, კარიერის პიკი 2-ჯერ ჰქონდეს.

ტონის რაც შეეხება, ვფიცავ, ის ელიტარულ მსუბუქწონოსანად არასდროს მიმაჩნდა. ფერგიუსონი კარგი მებრძოლია, მაგრამ შეუძლებელია, 37 წლის ასაკში ელიტარული მებრძოლი იყო. ეს აქამდე არასდროს მომხდარა და ამას მეც ვერ გავაკეთებ. 37 წლის ასაკში გამორიცხულია, მსუბუქ წონით დივიზიონში უმაღლესი დონის მებრძოლი იყო, თუმცა მძიმე წონაში სხვა ვითარება გვაქვს. ეს ჩემი აზრია და ამას ვერ შეცვლით. გარდა ამისა, 2016 წლიდან მოყოლებული ტონი კევინ ლის, ბარბოსას, პეტისსა და სერონეს ეჩხუბა. ბოლო 4 წელიწადში ამ მებრძოლებს ჯამში 20 მარცხი აქვთ. ეს ნიშნავს, რომ 2016 წლის შემდეგ, მას მაღალი დონის მოწინააღმდეგე არ ჰყოლია. ახლა კი ახალგაზრდა და ტოპ კლასის მებრძოლებს შეხვდა, როგორებიც ოლივეირა და გეიჯი არიან. მათ ფერგიუსონს კლასით აჯობეს და ეს თქვენც კარგად ნახეთ. ორივე მათგანმა ტონი დომინანტურ სტილში დაამარცხა“.

ხაბიბის UFC-დან წასვლის შემდეგ, გულშემატკივრებში მუსირებს აზრი, რომ ერთადერთი მებრძოლი, ვის გამოც „არწივი“ ოქტაგონს დაუბრუნდება ჟორჟ სენ-პიერია. ნურმაგომედოვმა ამ თემაზეც ისაუბრა და განაცხადა: „ჟორჟ სენ-პიერი - ეს არის სახელი, რომელიც მოტივაციას მმატებს, მაგრამ ყველაფერი დასრულებულია. ის 40 წლისაა, შესანიშნავი ადამიანია, UFC-ის ლეგენდაა და MMA-ის ღირსეული წარმომადგენელია, მაგრამ მოდით, ყველაფერი ასე დავტოვოთ“.

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა კარიერის დასრულების შესახებ ჯასტინ გეიჯისთან მოგებული ბრძოლის შემდეგ განაცხადა. „არწივი“ MMA-დან დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით წავიდა. მან კარიერაში 29 ბრძოლაში, ხოლო UFC-ში 13 შერკინებაში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები