მხოლოდ ბრაზილიაში - ქომაგმა თანხა გადაიხადა, რათა ფეხბურთელს ეთამაშა, მან წითელი მიიღო
Aa
Aa

მხოლოდ ბრაზილიაში - ქომაგმა თანხა გადაიხადა, რათა ფეხბურთელს ეთამაშა, მან წითელი მიიღო

ბრაზილიის ჩემპიონატში მთავარი ინტრიგა ბოლომდეა შენარჩუნებული. გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე, პირველ ადგილზე „ინტერნასიონალი“ იყო და მოქმედ ჩემპიონს, „ფლამენგოს“ 1 ქულით უსწრებდა. გასულ უქმეებზე ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. „ინტერნასიონალი“ ჩემპიონი 40 წელზე მეტია არ ყოფილა და გულშემატკივრებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ მათი საყვარელი გუნდი ტიტულს „ფლამენგოსთან“ სტუმრად „მარაკანაზე“ გამართულ მატჩში გაინაღდებდა.

„ინტერნასიონალის“ ერთ-ერთი მდიდარი ქომაგი კლუბს ფინანსურადაც დაეხმარა. აგრობიზნესმენმა ელუსმარ მაგი შეფერმა „ინტერნასიონალს“ 1 მილიონი ბრაზილიური რეალი (185,794 აშშ დოლარი) გადაურიცხა, რათა კლუბს როდინეის კონტრაქტში ჩადებული პუნქტი აემოქმედებინა. ეს ფეხბურთელი „ფლამენგოს“ საკუთრებაა და „ინტერნასიონალში“ იჯარის წესით იმყოფება, ხელშეკრულების მიხედვით კი მას „ფლამენგოს“ წინააღმდეგ თამაშის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ მისი კლუბი გარკვეულ კომპენსაციას მიიღებს.

„ინტერნასიონალს“ ფინანსურად უჭირს და ერთ-ერთი კონკურენტისთვის ამ თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. შეფერი გუნდს სწორედ ამიტომ დაეხმარა, თუმცა მის ინვესტიციას დადებითი შედეგი არ ჰქონია. „ინტერნასიონალმა“ ანგარიში გახსნა და მე-11 წუთზე პენალტი გამოიყენა, მაგრამ ამის შემდეგ, როდინეის ფაქტორი ამოქმედდა. მან ჯერ ბრუნო ენრიკე ვერ გააჩერა, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ შეტევაში წავიდა და ბურთი ძელს გაარტყა, ყველაფერი კი მეორე ტაიმის დასაწყისში ფილიპე ლუისის წინააღმდეგ უხეშობითა და წითელი ბარათით დაასრულა.

„ფლამენგომ“ კაცნაკლულ მეტოქეს მე-2 გოლი გაუტანა, 2-1 იმარჯვა და ბოლო ტურის წინ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. როდინეის გაძევებამ შეფერს იმედი გაუცრუა, მაგრამ ბიზნესმენი თვლის, რომ ტიტული მაინც „ინტერნასიონალს“ დარჩება.

„ვგეგმავ, რომ ფლამენგოს შემდეგ მეტოქეს გარკვეული თანხით მოტივაცია ავუმაღლო. ჩემი იურისტები ამ თემაზე მუშაობენ და არკვევენ შესაძლებელია თუ არა ეს მოხდეს. ბოლო ტურში ფლამენგო წააგებს, ჩვენ კი კორინთიანსს 1-0-ს დავამარცხებთ და ჩემპიონები გავხდებით“, -განაცხადა შეფერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები