„ტრავმა სულელურ ვითარებაში მივიღე
Aa
Aa

„ტრავმა სულელურ ვითარებაში მივიღე" - ქუთათელაძე 4 თვეში დაბრუნებას გეგმავს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ mmanytt.se-ს ინტერვიუ მისცა და ტრავმაზე ისაუბრა, რომლის გამოც რამდენიმე თვე იუქმებს. ქუთათელაძეს დონ მაჯის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ოპერაციის გამო ბრძოლაზე უარის თქმა მოუწია.

„ტრავმა საკმაოდ სულელურ ვითარებაში მივიღე. საქართველოში ვიმყოფებოდი, სადაც ჩემი ოჯახის წევრებს შევხვდი, მათთან ერთად ახალი წელი აღვნიშნე და ა.შ. ერთ დღეს, ინტერვიუს ჩასაწერად ვიყავი და მახსოვს, რომ ოთახში, რომელშიც ვიმყოფებოდი, ძალიან ციოდა. იქ რამდენიმე საათი გავატარე და გავიყინე, შემდეგ კი ოპერატორმა მთხოვა, სავარჯიშო ტომარასთან მივსულიყავი და სხვადასხვა დარტყმები განმეხორციელებინა, რათა მას კადრები გადაეღო.

ამ თხოვნას დავთანხმდი. 30 წამის განმავლობაში ვხურდებოდი და შემდეგ სავარჯიშო ტომარასთან მივედი. სხვადასხვა დარტყმები გამოვიყენე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ სახლში რომ მივედი, აღმოვაჩინე, რომ მუხლი და ფეხი გასიებული მქონდა. 3 დღის განმავლობაში მუხლს ვერ ვხრიდი და ვერც ვშლიდი.

შვედეთში ჩამოსვლის შემდეგ ექიმმა ასეთი რამ მითხრა: „ოპერაცია გასულ კვირას გაიკეთე, მაგრამ მდგომარეობა ისეთია, თითქოს ქირურგიული ჩარევა თვე-ნახევრის წინ იყო“. იმედი მაქვს, UFC-ს 4 თვეში დავუბრუნდები. 2 თვე სარეაბილიტაციო პერიოდისთვის და 2 თვე ბრძოლისთვის მოსამზადებლად“.

შეგახსენებთ, რომ „ქართველ ვიკინგს“ კარიერაში 12, ხოლო UFC-ში 1 გამარჯვება აქვს. გურამმა ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში სადებიუტო შერკინება მატეუშ გამროტის წინააღმდეგ გამართა და პოლონელი მებრძოლი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები