Aa
Aa

სუარესი: „ბარსაში მითხრეს, რომ ასაკში ვარ შესული და უმაღლეს დონეზე თამაში აღარ შემიძლია"

„ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა France Football-ს ინტერვიუ მისცა და ყოფილი კლუბის, „ბარსელონას“ შესახებ ისაუბრა. „ელ პისტოლერომ“ გაიხსენა გზა, რომლის გამოყენებითაც „ბლაუგრანამ“ მისი გაშვება გადაწყვიტა და განაცხადა:

„ერთი მხრივ, ბარსელონას დატოვება მინდოდა, რადგან ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ბარსაში გადავიტანე, კლუბი მაინც ასე მომექცა. რთულია, როცა შენი ოჯახი 6 წლის განმავლობაში ერთ ქალაქში ცხოვრობს, იქაურობას შეეგუა და შემდეგ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა უწევს. ყველაზე რთული ჩემი შვილებისთვის იმის ახსნა გამოდგა, რომ უნდა დაგვეტოვებინა ბარსელონა, სადაც მათ მეგობრები ჰყავდათ. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, რაც აქ, მადრიდში ადამიანებთან დაახლოებას ძალიან ძნელს ხდის, თუმცა აუცილებელია, განვითარებულ მოვლენებს პოზიტიური გადმოსახედიდანაც შევხედოთ.

ბედნიერი ნამდვილად ვერ ვიქნებოდი იქ, სადაც ჩემი დარჩენა არ უნდოდათ. ყველაზე მეტად, რაც არ მომეწონა, ბარსელონას ხელმძღვანელთა დამოკიდებულება იყო. მათ მითხრეს, რომ ასაკში ვარ შესული, უმაღლეს დონეზე თამაში აღარ შემიძლია და ბარსასნაირი ტოპ კლუბის დონეს არ შევესაბამები.

ბარსელონაში არაფრისთვის რომ მიმეღწია, გავიგებდი ასე რატომ მოიქცნენ, მაგრამ კლუბში გატარებულ თითოეულ სეზონში სულ მცირე 20 გოლი გავიტანე და ყოველთვის კარგი სტატისტიკა მქონდა. ბარსას მესვეურებმა მითხრეს, რომ კონტრაქტის მიუხედავად, ჩემი არ ეიმედებოდათ და უბრალოდ აღარ უნდოდათ, კამპ ნოუზე დავრჩენილიყავი, რამაც ნამდვილად გამანაწყენა“.

შეგახსენებთ, რომ სუარესმა კარიერა „ატლეტიკოში“ განაგრძო და შესანიშნავ სეზონს ატარებს. ურუგვაელ თავდამსხმელს „როხიბლანკოს“ მაისურით 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 16 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები