Aa
Aa

გლადბახი VS სიტი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირებები გახურდა. "გლადბახი" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. ასეთი მატჩების წინ გულშემატკივრებს ბევრი დეტალი აინტერესებთ. Crystalsport კი გთავაზობთ გუნდების მდგომარეობას, დანაკლისებს და მთავარი მწვრთნელების მატჩისწინა კომენტარებს.

"გლადბახი"

გერმანული გუნდი ბუნდესლიგაში კარგად არ გამოიყურება. მარკო როზეს შეგირდები 22 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის ზონას 9 ქულით ჩამორჩებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ "გლადბახმა" ბოლო 4 ბუნდესლიგური შეხვედრიდან ვერცერთი ვერ მოიგო. უკანასკნელად კი შინ "მაინცთან" 1:2 დამარცხდა. 2 წაგება და 2 ფრე.

განსხვავებით გერმანიის ჩემპიონატისგან "გლადბახმა" ჩემპიონთა ლიგაზე ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა და ურთულესი ჯგუფიდან მოახერხა გასვლა. B ჯგუფში მადრიდის "რეალმა", "ინტერმა" "შახტარმა" და "გლადბახმა" მოიყარეს თავი. მარკო როზემ იმდენი მოახერხა, რომ 8 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და ჯგუფში "ნერაძური" და დონეცკელები ჩატოვა.

დანაკლისი

"გლადბახს" "მანჩესტერ სიტისთან" 2 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება. საქმე მამადუ დუკურეს და მარტინ ტურამს ეხებათ. ორივე მათგანს მუხლის ტრავმა აღენიშნებათ. მწყობრშია გუნდის მთავარი ბომბარდირი პლეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 გოლი გაიტანა.

მარკო როზე

"აღფრთოვანებული ვარ, რადგან ჩემს ფეხბურთელებს ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში ეძლევათ მონაწილეობის საშუალება. იმედი მაქვს, რომ, როდესაც ღამით თამაშის შემდეგ ბიჭები დასაძინებლად დაწვებიან, ექნებათ ისეთი შეგრძნება, როგორიც მადრიდში თამაშის შემდეგ ჰქონდა. ესპანეთში ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი გავინაღდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტი პლეას კარგი თამაში იქნება. როდესაც ის 100 %-ით მზად არის ყველაფერი გამოგვდის. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში მას ტრავმები აქვს, თუმცა მან უკვე დაამტკიცა რა შეუძლია ევროპაში.

"მანჩესტერ სიტის" არ უყვარს, როდესაც ბურთი არ აქვთ. ჩვენ გაბედულად უნდა ვითამაშოთ და სწორად დავიცვათ თავი. მე მყავს გუნდი, რომელსაც ამის აბსოლუტური შესაძლებლობა აქვს."

"მანჩესტერ სიტი"

"ქალაქელები" ბოლო პერიოდში საოცარ ფეხბურთს თამაშობენ და გიჟური შედეგები აქვთ. პეპ გუარდიოლას გუნდმა რეკორდიც კი მოხსნა. პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში "სიტი" ლონდონის "არსენალს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა ერთადერთი გოლი რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა.

ეს გამარჯვება პეპ გუარდიოლას გუნდისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. "სიტი" გახდა პირველი გუნდი ინგლისის მასშტაბით, რომელმაც ზედიზედ 11 გასვლითი მატჩი მოიგო. იგულისხმება ყველა ინგლისური ჩემპიონატი, რომელშიც "ქალაქელები" მონაწილეობას იღებენ. ნიშანდობლივი ის ფაქტი გახლავთ, რომ მათ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესეს, რომელიც 2017 წელს მაისიდან ნოემბრის ჩათვლით დაამყარეს. 

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელები ინგლისის მთავარ ჩემპიონატს 59 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ და მეორე ადგილოსან "იუნაიტედს" 10 ქულით უსწრებენ.

"დანაკლისი"

"მანჩესტერ სიტი" "გლადბახს" სრული შემადგენლობით ხვდება. გუარდიოლას არცერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ აკლია. გამოჯანმრთელება სერხიო აგუერომაც მოასწრო და ხსენებული დაპირისპირებისთვის სრულ მზადყოფნაშია. ტრავმა აქვს მხოლოდ ნათან აკეს, თუმცა ნიდერლანდელი მცველი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ მოიაზრება. აკეს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

"პეპ გუარდიოლა"

"ყველა ფეხბურთელი კარგად არის გარდა ნათან აკესი. კონცენტრირებული უნდა ვიყოთ იმაზე, რაც უნდა გავაკეთოთ. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ვართ და რთულ მოწინააღმდეგეს ვხვდებით. "გლადბახი" კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ისინი მოკლე პასებით კვეთენ ცენტრს და საჯარიმომდე ადვილად აღწევენ. მათ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ. გერმანული გუნდები ყოველთვის სახიფათონი არიან.

ფლორიან ნოიჰაუსმა, ზაქარიამ და კრამერმა კარგად იციან რაც უნდა გააკეთონ. სამივე მათგანი ცენტრში დიდი ძალაა. "გლადბახს" თამაშის მიმდინარეობისას ტაქტიკის შეცვლა მარტივად შეუძლია. თავისუფლად შეიძლება, რომ 3 ნახევარმცველის ნაცვლად 5-ნი აღმოჩნდნენ ცენტრში. ისინი მარტივად ითამაშებენ."

ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში 6-ჯერ შეხვდნენ. პირველად ეს 1979 წელს ევროპის ლიგაზე მოხდა. ინგლისში შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე მატჩი გერმანიაში "გლადბახმა" 3:1 მოიგო. საერთო ჯამში 6 დაპირისპირებიდან 3 "სიტიმ" მოიგო. 2 ფრედ დასრულდა, ხოლო 1, როგორც უკვე მოგახსენეთ გერმანულმა გუნდმა მოიგო. 

"გლადბახისა" და "მანჩესტერ სიტის" მერვედფინალური დაპირისპირება 24 თებერვალს კორონავირუსისგან გამოწვეული სირთულეების გამო ბუქარესტში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები