ბავშვების პორნოგრაფიის საქმე გრძელდება - მეტცელდერი სასამართლოში დაიბარეს
Aa
Aa

ბავშვების პორნოგრაფიის საქმე გრძელდება - მეტცელდერი სასამართლოში დაიბარეს

მადრიდის "რეალისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კრისტოფ მეტცელდერი დიუსელდორფის სასამართლოში დაიბარეს. საქმე კვლავ ბავშვების პორნოგრაფიის გავრცელებას ეხება. კრისტოფმა კი სასამართლოს დასმულ კითხვებს უნდა უპასუხოს. როგორც ცნობილია მას ხსენებული მასალის შენახვა და გავრცელება ედება ბრალად. მოსმენა კი 29 აპრილს გაიმართება.

ეს ყველაფერი 2019 წლის სექტემბერში დაიწყო. ჰენეფის სპორტულ სკოლაში სამართალდამცველები შევიდნენ. პოლიციამ 40 წლის გერმანელს, რომელიც სამწვრთნელო ლიცენზიის კურსს ატარებდა სთხოვეს, მათთან ერთად მისსავე სახლში წასულიყო.

სამართალდამცავებმა დიუსელდორფში (მეტცელდერის სახლი დიუსელდორფში მდებარეობს) გამგზავრებამდე კრისტოფს მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. მისი სახლის ჩხრეკა კი დიდხანს გაგრძელდა და პოლიციამ ერთი პერსონალური კომპიუტერიც წაიღო.

მოგვიანებით ამ საკითხის შესახებ კომენტარი ჰამბურგის პროკურატურის პრესმდივანმა, ლიდი ოხტერინგმაც გააკეთა: „ვადასტურებთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მეტცელდერს ბრალად ბავშვების პორნოგრაფიის გავრცელება ედება. მათ შორის ის ფოტოებიცაა, რომელიც მან ჰამბურგში მიიღო“.

Bild-ის ინფორმაციით პოლიციას უცნობი ქალბატონი დაუკავშირდა. მან სამართალდამცველებს პორნოგრაფიული შინაარსის 15 ფოტო აჩვენა და განაცხადა, რომ ეს ფოტოები მას მეტცელდერმა WhatsApp-ით გაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის შემდეგ გერმანელი ყოფილი უკანახაზელი პოლიციამ არ დააკავა.

მოგვიანებით კრისტოფმა საკუთარი დანაშაული აღიარა. Der Spiegel წერდა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მეტცელდერმა განაცხადა, რომ აკრძალულ ფაილებს ინახავდა და ისინი 3 ქალბატონს გაუგზავნა. გერმანულმა გამოცემამ არ დააკონკრეტა ყოფილმა ფეხბურთელმა დანაშაული სრულად აღიარა თუ არა და ოფიციალურ განცხადებას არც პროკურატურისა და სასამართლოს წარმომადგენლები ავრცელებდნენ.

როგორც ირკვევა, გერმანელმა თავად მოითხოვა, რომ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას პრესაში ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველების ჩანაწერების მიხედვით, მეტცელდერი საკუთარ სმარტფონში ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველ 297 ფაილს ინახავდა. 29 ფოტოსურათი და რამდენიმე ვიდეო WhatsApp-ის მეშვეობით 3 ქალბატონს გაუგზავნა.

ცნობისთვის, გერმანელმა მოთამაშემ კარიერა 2014 წელს დაასრულა. ბოლოს მეტცელდერი „ჰალტერნის“ რიგებში ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები