„ჩემპიონობისთვის ბრძოლა და წარმატების მიღწევა შეგვიძლია
Aa
Aa

„ჩემპიონობისთვის ბრძოლა და წარმატების მიღწევა შეგვიძლია" - კუმანი იმედიანადაა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა „ელჩესთან“ მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა და გუნდში შექმნილ ვითარებასა და „ბლაუგრანას“ ამბიციებზე ისაუბრა.

„გუნდის მდგომარეობის ანალიზი აუცილებელია და მწვრთნელს თითოეული ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციების შესახებ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. ვიცით, რომ ინდივიდუალური შეცდომების გამო ბევრი ქულა დავკარგეთ, მაგრამ მხოლოდ მცველების კრიტიკა სამართლიანი არ მგონია, რადგან უამრავი მომენტი გავანიავეთ.

ლენგლეს დღეს დილით ვესაუბრე. ის ნამდვილი პროფესიონალი და სერიოზული ფეხბურთელია, რომელსაც ყველაფერი გულთან ძალიან ახლოს მიაქვს. როგორც აღვნიშნე, ქულების დაკარგვა მხოლოდ ერთი მოთამაშის ბრალი არაა. რა თქმა უნდა, უკეთ თამაში შეგვიძლია და მან შეცდომები დაუშვა, მაგრამ უშეცდომო არც მისი თანაგუნდელები ყოფილან. შეტევაში უკეთ უნდა ვითამაშოთ და კადისისთვის მეორე გოლი რომ გაგვეტანა, ლენგლეს შეცდომა გადამწყვეტი არ იქნებოდა.

მჯერა, რომ ბარსელონას ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია. გასულ ტურში დადასტურდა, რომ ქულები შესაძლოა, ყველა გუნდმა დაკარგოს და გამარჯვება მარტივი არასდროსაა. ლა ლიგის მომდევნო ორი შეხვედრა უმნიშვნელოვანესია და სევილიასთან სათასო დაპირისპირებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. მომდევნო კვირაში გადამწყვეტი მატჩები გველის და ჩვენი ამბიციებისთვის ეს 3 შეხვედრა მნიშვნელოვანია.

ბარსელონას მთავარი პრობლემა მომენტების გამოუყენებლობაა და ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ. დღეს ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ატლეტიკოსთან ჩამორჩენა უფრო ნაკლებია, ვიდრე 3 კვირის წინ იყო და მომდევნო მატჩებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილს იკავებს და „ატლეტიკოს“ 8 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები