„მშვიდად ვარ, ტოტენჰემის ისტორიაში შევალ
Aa
Aa

„მშვიდად ვარ, ტოტენჰემის ისტორიაში შევალ" - ჟოზეს სჯერა, რომ ვითარების გამოსწორება შეუძლია

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „ვოლფსბერგერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდის მიერ პრემიერ ლიგაში დაფიქსირებულ შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა:

„მადლობა ღმერთს, რომ ის მწვრთნელი აღარ ვარ, რომელიც ადრე ვიყავი. გეთანხმებით და ვფიქრობ, ცვლილებები რომ არა, ამ მომენტში ასეთი მშვიდი და საკუთარ თავში ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი.

თქვენთვის ცნობილია, რომ ჩემს კარიერაში ბევრი წარუმატებელი სერია არ ყოფილა, მაგრამ პრობლემები, რომლებიც ახლა მაქვს, შესაძლოა, ნებისმიერ კლუბში მომუშავე სპეციალისტს გაუჩნდეს. წარსულში მათზე ბევრად ემოციური რეაქცია მექნებოდა და სხვებისა და საკუთარი თავის დახმარების ნაცვლად, კონფლიქტურ სიტუაციას შევქმნიდი.

მაგალითსაც მოგიყვანთ - ჩელსი მაშინ დავტოვე, როცა პრემიერ ლიგის ტიტული განაღდებული მქონდა. ჩემპიონი ვიყავი, მაგრამ ჩელსიდან მაინც წავედი. გამოცდილ ადამიანებს ნეგატიურ მომენტებთან დამკლავების უკეთესი შანსი აქვთ. მშვიდად ვარ და საკუთარ ემოციებს ვაკონტროლებ.

ჩემი ბუნება არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, როცა ვაგებ, კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ გამოცდილება ამასთან გამკლავებაში მეხმარება. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, მჯერა, რომ მოვუმატებთ და ტოტენჰემის ისტორიაში კარგი მიზეზების გამო შევალ და არა - ცუდის.

გუნდისგან არა მხოლოდ პატივისცემას, არამედ მხარდაჭერასაც ვგრძნობ. ყველა ერთსა და იმავე აზრზეა. ბედნიერი არავინაა, თუმცა დეპრესიაც არავის აქვს. უცნაურია, მაგრამ ამდენი წაგების მიუხედავად, მაინც პოზიტიური განწყობა მაქვს. კმაყოფილი არ ვარ, თუმცა ჩემი გუნდის მჯერა. ვთვლი, რომ ვითარებას გამოვასწორებთ და წარმატებას მივაღწევთ“.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემმა“ პრემიერ ლიგის ბოლო 6 შეხვედრიდან 5 დათმო და სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები