Aa
Aa

ატლეტიკო VS ჩელსი - მატჩის შემდეგ

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის წარმატებული სვლა ჩემპიონთა ლიგაზე გაგრძელდა. გერმანელი სპეციალისტი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე „არისტოკრატებს“ პირველად გაუძღვა და „ლურჯების“ თავკაცის პოსტზე ჯერჯერობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

ტუხელის გუნდმა მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ატლეტიკო“ სტუმრად მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ფრანგმა თავდამსხმელმა თავი 68-ე წუთზე გამოიჩინა და ულამაზესი მაკრატელა დარტყმით იან ობლაკის კარი აიღო. ცალკე აღსანიშნავია, რომ „როხიბლანკომ“ საშინლად იასპარეზა და დამსახურებულად დამარცხდა. მადრიდელებს ზუსტი დარტყმა არ ჰქონიათ და დაცვაშიც რამდენიმე შეცდომა დაუშვეს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

ედუარდ მენდიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კარი მშრალად მეხუთედ შეინახა, რაც ამ ტურნირზე საუკეთესო შედეგია.

ოლივიე ჟირუ დიდიე დროგბას შემდეგ, „ჩელსის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში 6 ან მეტი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიგის ერთ სეზონში 6 გოლი ჟირუს პირადი რეკორდია.

„ჩელსიმ“ ევროტურნირებზე პლეიოფის ეგიდით პირველი შეხვედრა, რომელიც სტუმრად ჩაატარა, მე-14-ედ მოიგო. წინა 13 შემთხვევაში „არისტოკრატებმა“ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

ოლივიე ჟირუ „ჩელსის“ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც „არისტოკრატების“ მაისურით ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გოლი გაიტანა. ფრანგმა თავდამსხმელმა „ატლეტიკოს“ კარი 34 წლისა და 146 დღის ასაკში აიღო.

ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ 16 შეხვედრაში, რომლებშიც ჟირუ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, ოლივიემ 15 გოლი გაიტანა.

„ატლეტიკომ“ პირველ ტაიმში მეტოქის კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა, რაც 2016-17 წლის სეზონში, „რეალთან“ გამართული ნახევარფინალური დაპირისპირების პირველი შეხვედრის შემდეგ, „როხიბლანკოს“ ყველაზე ცუდი შედეგია.

ტუხელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე სპეციალისტია, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ერთ გათამაშებაში ორი სხვადასხვა გუნდის მთავარი მწვრთნელის ფუნქციები შეითავსა. გერმანელმა რონალდ კუმანის მიღწევა გაიმეორა.

რა თქვა ტუხელმა მატჩის შემდეგ

„ფანტასტიკური შედეგი, ფანტასტიკური გოლი და დამსახურებული გამარჯვება.

ამ შეხვედრაში ჩვენი მიზანი იყო, რომ მეტოქის ნახევარზე დომინანტები ვყოფილიყავით, კონცენტრაცია ერთი წამითაც არ დაგვეკარგა, მარტივი შეცდომები არ დაგვეშვა და ატლეტიკოს კონტრშეტევებისას მაქსიმალური ყურადღება გამოგვეჩინა.

უაღრესად დისციპლინირებული თამაში ვაჩვენეთ და კარი მშრალად დამსახურებულად შევინახეთ. თავდაუზოგავი შრომა და გუნდური ძალისხმევა - მნიშვნელოვანი გამარჯვების განმაპირობებელი ფაქტორები სწორედ ეს გახლავთ.

ვიცოდით, რომ იყო შანსი, ატლეტიკოს დაცვითი ფეხბურთისთვის მიემართა. ბიჭებს ვუთხარით, რომ თუ ასეთი რამ მოხდებოდა, ამას ჩვენი გუნდის დონე და ჩვენდამი პატივისცემა განაპირობებდა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, სიმამაცე გამოგვეჩინა და თამაში მათ ნახევარზე გადაგვეტანა.

კარგად მოგვეხსენებოდა, რომ ატლეტიკო მზად იყო, საკუთარ საჯარიმოში 8 ფეხბურთელი გაემწესებინა. სწორედ ამიტომ, გვინდოდა, მაღალი ინტენსივობით გვეასპარეზა და ამას თავი მშვენივრად გავართვით. მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება ერთი წამითაც არ მივეცით და არც კონტრშეტევის განხორციელების შანსი ჰქონიათ. ატლეტიკოს დაცვის გახსნა ურთულესი გამოწვევაა და ეს შედეგი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია“.

რა თქვა სიმეონემ მატჩის შემდეგ

„ორივე გუნდმა თავდაუზოგავად იმუშავა. თანაბარი მატჩი იყო, მომენტები თითქმის არ ყოფილა და ჩელსიმ თავისი შანსი კარგად გამოიყენა. დაცვაში კარგად ვითამაშეთ და დაცვიდან შეტევაში გადასვლისას ჩვენი უპირატესობა გამოვიყენეთ. მეორე შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე გამართული სხვა მატჩები, ურთულესი იქნება. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რათა წარმატებით გადავლახოთ პერიოდი, რომელსაც ახლა გავდივართ.

ჩელსი სწრაფი გუნდია და მათი შეჩერება შევძელით, თუმცა არისტოკრატებს ჟირუ და სხვა ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელებიც ჰყავთ. ბურთი უფრო ხშირად უნდა გვქონოდა და შეტევაში უკეთ გადაადგილება გვმართებდა. ამაზე ვიმუშავებთ და წინ ვილიარეალთან გასამართი მნიშვნელოვანი მატჩი გველის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები