შესუსტებული შემადგენლობით - თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს მხოლოდ ბრინჯაოს მედლების შანსი აქვთ
Aa
Aa

შესუსტებული შემადგენლობით - თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს მხოლოდ ბრინჯაოს მედლების შანსი აქვთ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები რობერტ დინგაშვილი (57 კგ), შოთა ფარტენაძე (65 კგ), გიორგი სულავა (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) კიევში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედლებისთვის აგრძელებენ ბრძოლას. შეჯიბრება უკრაინაში 26 თებერვალს დაიწყო და ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გაიმართა წინასწარი ეტაპების და ნახევარფინალური შეხვედრები.

საქართველოს ნაკრებ კიევში შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდა, მწვრთნელები შიდა კონკურენციას რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე დააკვირდნენ და მოახლოებული სალიცენზიო ტურნირებისა და ევროპის ჩემპიონატის წინ, გუნდის გამოცდილ წევრთა უმრავლესობა აღარ დატვირთეს.

რობერტ დინგაშვილი და შოთა ფარტენაძე ოქროს მედლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ. გიორგი სულავა და ელიზბარ ოდიკაძე - ნახევარფინალიდან.

27 თებერვალს, მედლების გათამაშება თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება. იქამდე კი, დილიდან ჩაებმებიან საქმეში დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში - 61, 70, 79, 92 და 125 კილოგრამებში მოჭიდავეები და საღამომდე ფინალისტებსაც გამოავლენენ.

საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ: თეიმურაზ ვანიშვილი, თორნიკე ქათამაძე (ორივე 61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი, მირზა სხულუხია (ორივე (70 კგ), ნიკა კენჭაძე, ტარიელ გაფრინდაშვილი, ევსემ შველიძე (სამივე 79 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ) და გივი მაჭარაშვილი (125 კგ).

მომზადებულია GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები