Aa
Aa

46 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ბილის წარუმატებელი სერია გრძელდება

„ვაშინგტონ უიზარდსის“ კალათბურთელის, ბრედლი ბილის წარუმატებელი სერია გრძელდება. 27 წლის მსროლელმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და 46 ქულა ჩააგდო, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა.

„ვაშინგტონმა“ „ბოსტონის“ წინააღმდეგობა ვერ დაძლია და 110-111 წააგო. ბილს შეეძლო, მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ ბოლო წამებზე მის მიერ გაშვებულმა ორქულიანმა მიზანს არ უწია და „უიზარდსმა“ მიმდინარე რეგულარულში მე-19 თამაში დათმო.

მორიგი მარცხის შემდეგ, ბილი NBA-ში ერთადერთია, ვინც ზედიზედ 11-ჯერ წააგო მატჩი, რომელშიც მინიმუმ 40 ქულა ჩააგდო. ამასთან, NBA-ის ისტორიაში 95 კალათბურთელია ისეთი, რომლებმაც კარიერაში 40 ქულა სულ მცირე 10-ჯერ მიითვალეს. მათ შორის ბილს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. 26 შეხვედრიდან, რომლებშიც ბრედლიმ მინიმუმ 40 ქულა გაიფორმა, მისმა გუნდმა მხოლოდ 6 მოიგო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბილმა სულ მცირე 30 ქულა მიმდინარე სეზონში 21-ედ ჩააგდო. NBA-სა და ABA-ის გაერთიანების შემდეგ, რეგულარულის საწყის 30 შეხვედრაში ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მაიკლ ჯორდანსა და ჯეიმს ჰარდენს აქვთ. „ემჯეის“ ანგარიშზე 26 30-ქულიანი მატჩია, ხოლო „წვერამ“ იგივე 22-ჯერ გააკეთა.

ბილის გარდა, 24 ქულით რასელ უესტბრუკი გამოირჩა. დავის ბერტანსს 20 ქულა ჰქონდა, ხოლო რობინ ლოპესი 10 ქულას დასჯერდა. „ბოსტონს“ 31 ქულით ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერა. კემბა უოკერმა 21 ქულა მიითვალა, დანიელ ტაისმა კი თავი 20 ქულას მოუყარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები