''ვურჩევ, საქართველოსთვის თამაში არ იჩქაროს'' - მარკევიჩი წიტაიშვილზე
Aa
Aa

''ვურჩევ, საქართველოსთვის თამაში არ იჩქაროს'' - მარკევიჩი წიტაიშვილზე

''დნიპროს'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა, რომელიც ამჟამად უკრაინის ეროვნული გუნდის კომიტეტის ხელმძღვანელია, 20 წლის ტალანტის, გიორგი წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა. მარკევიჩი წიტაიშვილს ურჩევს, რომ ეროვნულ ნაკრებთან მიმართებით გადაწყვეტილება სწრაფად არ მიიღოს.

მარკევიჩმა Meta Ratings-თან ისაუბრა: ''ძალიან დელიკატური თემაა. უპირველესად ყველაფერი მის პოზიციაზეა დამოკიდებული. თუ მან საქართველოს მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა, მისი გადარწმუნება ძალიან რთული იქნება. ყველა თავის გზას ირჩევს.

გიორგი მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულია, ის ამბიციური ბიჭია, ის დარწმუნებული იყო, რომ კიევის ''დინამოში'' თავს დაიმკვიდრებდა, თუმცა მირჩა ლუჩესკუს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გუნდში მისი როლი შემცირდა და როტაციის მოთამაშე გახდა. სათამაშო პრაქტიკის პრობლემა რომ არ ჰქონოდა, იჯარით ''ვორსკლაში'' გაუშვეს.

მან განაცხადა, რომ ''ვორსკლაში'' ყოფნით კმაყოფილია, თუმცა შესაძლოა საქართველოს ნაკრებში თამაშით საერთაშორისო დონეზე წარმატებულად გამოსვლის პერსპექტივას ხედავს, თუმცა მას ვურჩევდი, რომ გადაწყვეტილება სწრაფად არ მიიღოს, რადგან მას შეუძლია თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს, კიევის ''დინამოს'' ლიდერად იქცეს და უკრაინის ეროვნულ გუნდში გზა გაეხსნება''.

ამ თემაზე CrystalSport-ი ''ვორსკლას'' წარმომადგენელს, კლუბის პრესსამსახურის უფროსს, არტიომ ლობანოვს ესაუბრა. მისი თქმით წიტაიშვილმა ამ საკითხზე საუბრისგან მცირე ხნით პაუზა აიღო და უახლოეს პერიოდში მზად იქნება აღნიშნულ თემაზე დასმულ კითხვებს პასუხი გასცეს. ფეხბურთელი სანაკრებო კარიერაში ახალი ეტაპისთვის ემზადება, მან საქართველოს ნაკრების ღირსება უნდა დაიცვას, თუმცა დებიუტამდე ბიუროკრატიული საკითხებია მოსაგვარებელი. ვიდრე ვითარებას ნათელი არ მოეფინება, 20 წლის ტალანტი თემაზე არ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

„გიორგი წიტაიშვილმა გადაწყვიტა, საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. თავად ფეხბურთელს ასეთი პოზიცია აქვს, მაგრამ შექმნილი ვითარება უბრალო ნამდვილად არაა.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე თვის წინ, გიორგის ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან ძალიან უყვარდა. როცა დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად წიტაიშვილი საქართველოში ჩავიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ მისი ბაბუას სურვილი იყო, მას საქართველოს ნაკრებში ეთამაშა და გიორგი აპირებს, რომ ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში იასპარეზოს. როგორც ვიცი, მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ ამ ეტაპზე ვითარება სწორედ ასეთია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები