Aa
Aa

ჰარდენის ბენეფისი - სამმაგი დუბლი, ისტორიული მიღწევა და გამარჯვება სან ანტონიოსთან

„ბრუკლინ ნეთსის“ სუპერვარსკვლავმა, ჯეიმს ჰარდენმა საოცარი მატჩი ჩაატარა და „სან ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა. სტივ ნეშის გუნდმა ტექსასელებს ოვერტაიმში, 124-113 სძლია და „ბრუკლინის“ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი სწორედ ჰარდენი გახლდათ.

„წვერა“ ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო, სამმაგი დუბლი გააკეთა და თავი 30 ქულას, 14 მოხსნას, 15 შედეგიან გადაცემასა და 2 ჩაჭრას მოუყარა. ჰარდენი „ნეთსის“ ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც მატჩი სულ მცირე 30 ქულით, 10 მოხსნითა და 15 ასისტით დაასრულა.

ჯეიმსმა კიდევ ერთი მიღწევა გაიფორმა. ჰარდენი 1985 წლის შემდეგ მეოთხეა, ვინც მინიმუმ 30 ქულა და 15 შედეგიანი გადაცემა ისე დააგროვა, რომ დაკარგვა არ ჰქონია. „წვერა“ ლებრონ ჯეიმსს, კრის პოლსა და ჯონ სტოკტონს შეუერთდა, თუმცა მათგან განსხვავებით ჰარდენმა სამმაგი დუბლი მიითვალა.

„წვერას“ გარდა 27 ქულით კაირი ირვინგი გამოირჩა. ბრიუს ბრაუნს 23 ქულა და 3 მოხსნა ჰქონდა. ნიკოლას კლექსტონი კი 17 ქულას დასჯერდა.

„სან ანტონიოს“ 22 ქულით, 11 ასისტითა და 6 მოხსნით დემარ დეროუზენმა ულიდერა. დეჟანტე მიურეიმ 19 ქულა ჩააგდო, ლონი უოკერმა კი მატჩი ასევე 19 ქულით დაასრულა.

„ბრუკლინმა“ 23-ე გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ „ფილადელფიას“ ჩამორჩება. „სან ანტონიოს“ რაც შეეხება, ტექსასელები დასავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები