ღუდუშაურის ძალიან ეფექტური გოლი - დემჩენკოს დილას მორიგი გამარჯვება
Aa
Aa

ღუდუშაურის ძალიან ეფექტური გოლი - დემჩენკოს დილას მორიგი გამარჯვება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის მეორე ტურში გორის ''დილამ'' სტუმრად ''სამტრედია'' პაატა ღუდუშაურისა და ირაკლი ბუღრიძის გოლებით დაამარცხა (0:2).

''ეროსი მანჯგალაძეზე'' ანგარიში მე-10 წუთზე პაატა ღუდუშაურმა გახსნა, რომელმაც მეტოქის მცველებს გვერდი აუარა და შორეულ კუთხეში ეფექტური გოლი შეაგდო. მეორე გოლიც ღუდუშაურის აქტიურობას მოჰყვა, მისი გადაცემის შემდეგ ირაკლი ბუღრიძემ ''დილას'' რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა ''დილამ'' საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა, პირველ ტურში ''თენგიზ ბურჯანაძეზე'' თორნიკე კაპანაძის გოლით ქობულეთის ''შუქურას'' სძლია.

რაც შეეხება გია ცეცაძის ''სამტრედიას'', გამოცდილი სპეციალისტი იმერულ კლუბს გასულ ზამთარში დაუბრუნდა და მისმა გუნდმა საწყის ორ ტურში ქულაც ვერ მოიპოვა. გამომდინარე იქიდან, რომ ''სამტრედიას'' სრულფასოვანი წინასასეზონო შეკრება არ გაუვლია, წარუმატებელი სტარტი მოულოდნელი არ ყოფილა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურში გორის ''დილა'' ''თენგიზ ბურჯანაძეზე'' თბილისის ''ლოკომოტივს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 10 მარტს 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო 9 მარტს გია ცეცაძისა და გიორგი შაშიაშვილის სამწვრთნელო დაპირისპირება გაიმართება. ''შუქურა'' - ''სამტრედიას'' მატჩი ზესტაფონში 15:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები