ოუენი: „მანე პენალტების გამომუშავებას თავს არიდებს, რადგან არ უნდა სალაჰმა გაიტანოს
Aa
Aa

ოუენი: „მანე პენალტების გამომუშავებას თავს არიდებს, რადგან არ უნდა სალაჰმა გაიტანოს"

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მაიკლ ოუენმა სადიო მანეს შესახებ ისაუბრა და ხმამაღალი განცხადება გააკეთა. ინგლისელი თავდამსხმელის მიხედვით, მანე საჯარიმოში კონტაქტის შემდეგ წაქცევასა და პენალტების გამომუშავებას თავს არიდებს, რადგან იცის, რომ თერთმეტმეტრიანების მთავარი შემსრულებელი მოჰამედ სალაჰი გახლავთ და არ სურს, ეგვიპტელმა გოლები გაიტანოს.

ოუენმა „ჩელსისთან“ გამართული მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა: „სიმართლე გითხრათ, ვერ დავიჯერე იმ მომენტში სადიო რომ არ წაიქცა. კონტაქტი ნამდვილად იყო და სავარაუდოდ, ეგონა, რომ გოლის გატანის შანსს მიიღებდა, მაგრამ შეფილდ იუნაიტედის წინააღმდეგაც მსგავსი რამ მოხდა.

ცოტა უცნაურია, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია - სალაჰი თერთმეტმეტრიანების მთავარი შემსრულებელია და როცა მანე გოლის გატანის შანსს იღებს, ფიქრობს: „გოლის გატანა შემიძლია, მაგრამ თუ წავიქცევი, მო სალაჰი კიდევ ერთ პენალტს მიიღებს“.

ყველამ ვიცით, ეს ფეხბურთელები როგორი კონკურენტუნარიანი არიან. ისიც მშვენივრად მოგვეხსენება, როგორი ეგოისტი შეიძლება თავდამსხმელი იყოს. თანაც მანე და სალაჰი რამდენიმე სეზონია ოქროს ბუცისთვის იბრძვიან.

შესაძლოა, საქმე სულელურ თეორიასთან გვქონდეს, მაგრამ აუცილებელია, მანესა და სალაჰის კონკურენტუნარიანი ბუნება გავითვალისწინოთ. წარსულში გვინახავს მომენტები, როცა ერთ-ერთი მათგანი ბევრად ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მეორისგან პასი ვერ მიიღო. აქამდე, ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთ მომენტებში მანე წაქცეულა, მაგრამ ბოლო ორ თამაშში ეს არ გაუკეთებია, რაც გვაფიქრებს იმაზე, რომ შესაძლოა, სადიო პენალტების გამომუშავებას თავს არიდებდეს“.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ საშინელი სერია აქვს და პრემიერ ლიგაში ხუთი საშინაო მატჩი დათმო, რაც Opta Joe-ს ვერსიით კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა. ამასთა, „ლივერი“ პირველი გუნდია, რომელმაც მოქმედი ჩემპიონის რანგში ზედიზედ 5 საშინაო შეხვედრა წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები