მორიგი პრობლემა - ედენ აზარის დაბრუნება გადაიდო
Aa
Aa

მორიგი პრობლემა - ედენ აზარის დაბრუნება გადაიდო

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, Marca იუწყება, რომ „რეალის“ ფეხბურთელს, ედენ აზარს რეციდივი დაემართა და მისი დაბრუნება გადაიდო. როგორც ირკვევა, პრობლემა მსუბუქი ტკივილი გახლავთ, რომელიც ბელგიელს წარსულში დაზიანებულ კუნთში გაუჩნდა.

„რეალს“ სარეაბილიტაციო პროცესში ცვლილებების შეტანა მოუხდა და აზარის დაბრუნების სავარაუდო თარიღად „ატალანტასთან“ მატჩი განიხილება. Marca-ს ცნობით, „სამეფო კლუბი“ ბელგიელის გარეშე ასპარეზობას შეეგუა და ზინედინ ზიდანი აზარს „ლა დეასთან“ მხოლოდ იმ შემთხვევაში ათამაშებს, თუ ედენი 100 პროცენტით მზად იქნება.

პრობლემის მიუხედავად, აზარს დღეს მსუბუქად მაინც უნდა ევარჯიშა და გარკვეული დრო სპორტდარბაზსა და საფეხბურთო მოედანზე გაეტარებინა. Marca-ს ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, აზარმა „ატალანტასთან“ მატჩისთვის კონდიციების სრულად აღდგენა მოასწროს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მონაწილეობა მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები