ეპიკური გამოსვლა, სკამი ზურგში და განადგურებული მაგიდა - შაკის შოუ რესლინგში
Aa
Aa

ეპიკური გამოსვლა, სკამი ზურგში და განადგურებული მაგიდა - შაკის შოუ რესლინგში

ლეგენდარულ კალათბურთელს, შაკილ ონილს სტუდიაში ყოფნა და NBA-ზე საუბარი მობეზრდა და გადაწყვიტა, რაღაც განსხვავებული ეცადა. „ლეიკერსის“ ყოფილმა ცენტრმა რესლინგს მიაშურა და AEW-ის ერთ-ერთი ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. შაკი პარტნიორ ჯეიდ კერგილთან ერთად, კოდი როუდსსა და „რედ ველვეტს“ დაუპირისპირდა.

როგორ დაიწყო ყველაფერი

ჯეიდ კერგილი სკოლაში ყოფნისას კალათბურთს მისდევდა და ჯექსონვილის უნივერსიტეტის გუნდში 4 წლის განმავლობაში თამაშობდა. კალათბურთში მიღწეული წარმატების მიუხედავად, მას WNBA-ში მოხვედრის სურვილი არ ჰქონია და ფიტნეს-მოდელი გახდა.

კერგილი AEW-ში შარშან გამოჩნდა და ორგანიზაციაში მისვლისთანავე კოდი როუდსსა და მის მეუღლეს, ბრენდის, რომელიც ასევე AEW-ის წევრია, შეურაცხყოფა მიაყენა. ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ცოტა ხნის შემდეგ, ჯეიდი ბრენდის რინგს მიღმა გადაეყარა და მას ხელი მოტეხა. ამ ქმედებების მიუხედავად, ონილმა მხარი მაინც მას დაუჭირა, თანაც ეს მაშინ გააკეთა, როცა მის გვერდით ბრენდი როუდსი იმყოფებოდა. ამან ქალბატონის გაღიზიანება გამოიწვია და მან ლეგენდარულ კალათბურთელს წყალი შეასხა.

NBA-ის დიდების დარბაზის წევრმა ასეთი დამცირება ვერ მოითმინა და რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ იგი რესლინგის წესებით, 2-2-ზე ფორმატით, ბრძოლას გამართავდა. ონილის პარტნიორი კერგილი გახლდათ, მათი მეტოქეები კი კოდი როუდსი და მისი ტრავმირებული მეუღლის შემცვლელი, „რედ ველვეტი“ იყვნენ.

შაკის ბრძოლა AEW Dynamite: The Crossroads-ის ფარგლებში ვიხილეთ. ონილის გამოსვლა ეპიკური გახლდათ, ასაკის მიუხედავად იგი საოცარ ფორმაში იმყოფება და ვარსკვლავური საღამოს მთავარი გმირი გახდა.

გულშემატკივრებმა ბევრი დაუვიწყარი მომენტი იხილეს და ერთ-ერთი მათგანი შაკისა და Nightmare Family-ის წევრების დაპირისპირება იყო. რინგთან მდგომ ონილს „ვიღაც პატარა ბიჭმა“ ზურგში სკამი ჩაარტყა, რასაც ექს-კალათბურთელის გაღიზიანება მოჰყვა და მან Nightmare Family-ის წევრები სათითაოდ გაანადგურა.

რინგზე ონილმა „შაკ-ფუ“ შემოგვთავაზა და მისი შესრულებით მომაკვდინებელი ბომბიც ვიხილეთ.

იგი საკუთარი გამარჯვების ხილვასთან ახლოს იყო, მაგრამ ამის ნაცვლად, რინგიდან გადააგდეს და იქვე განთავსებულ მაგიდას დაეცა, რომელიც ნაწილებად დაიშალა.

ონილისთვის ეს „საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა“ და სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება გახდა საჭირო, თუმცა 216 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე კალათბურთელის მანქანაში მოთავსება სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა და შაკს მუხლების მოხვრა მოუწია.

ონილის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კერგილი განარისხა და მან გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრის შემდეგ, კომენტატორებს სურდათ, შაკისთვის მოგება მიელოცათ და გამოჯანმრთელება ესურვათ, მაგრამ სასწრაფო დახმარების მანქანის კარის გაღების შემდეგ, ონილი ვერსად იპოვეს. შაკი გაიქცა და არავინ იცის, სად. ასე რომ, ფრთხილად იყავით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები