დეტალურად - ვინ არის ჟოან ლაპორტა და როგორია მისი გეგმები
Aa
Aa

დეტალურად - ვინ არის ჟოან ლაპორტა და როგორია მისი გეგმები

„ბარსელონაში“ ჟოან ლაპორტას „მეორედ მოსვლას“ შედგა - მან ხმების 54.28 პროცენტი მიიღო, ფონტმა - 29.29, ხოლო ფრეიშამ - 8.58.

კლუბის მილიონობით ქომაგი ამ მომენტს დიდი ხანი ელოდა. როგორც იქნა „ბლაუგრანას“ პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საკმაოდ თამამი ხედვები აქვს და ოპტიმიზმით არის აღსავსე.

ვინ არის ჟოან ლაპორტა? რა აქვს გაკეთებული მას კლუბისთვის? შევეცდები მის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ და ის გეგმები გაგაცნოთ, რომელთათვის ხორცის შესხმა უკვე დღეიდან დაიწყო.

ბევრმა არ იცის, რომ ლაპორტას ადვოკატის ლიცენზია აქვს. ის პროფესიონალი ადვოკატი გახლავთ. მან ბარსელონას უნივერსიტეტი დაამთავრა. 2010-2012 წლებში კი კატალონიის პარლამენტის წევრიც იყო.

საფეხბურთო სამყარომ ლაპორტა 2003 წელს გაიცნო, როდესაც ის „ბლაუგრანას“ პრეზიდენტად აირჩიეს. მან „ბლაუგრანაში“ 2010 წლამდე იმუშავა და კლუბის ისტორიაში ცალსახად საუკეთესო ეპოქა შექმნა.

90-იანი წლების მეორე ნახევარში, იოჰან კრუიფის გუნდიდან წასვლის შემდეგ, „ბარსელონამ“ ევროპის წამყვან კლუბებს შორის ადგილი დაკარგა. კატალონიელებს ბევრი ექსტრაკლასის მოთამაშე ჰყავდათ, თუმცა გუნდი უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას ვერ ახერხებდა, რადგან სათავეში შესაბამისი დონის პრეზიდენტი არ ჰყოლია.

2000-იანი წლების დასაწყისში „ბარსას“ ყველაზე მეტად უჭირდა. ამ დროს გამოჩნდა ლაპორტაც, რომელმაც კლუბში ძირეული ცვლილებები გაატარა და „ბარსელონა“ კვლავ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კლუბად აქცია.

ლაპორტას სახელს უკავშირდება რონალდინიოს, დეკუს, ეტოოს, ჟიულის, მარკესისა და ლარსონის ტრანსფერები, რომლებსაც ფრანკ რაიკაარდი წვრთნიდა.

ლაპორტამ რონალდინიოს, დეკუს, ეტოოს, ჟიულის, რაფა მარკესისა და ლარსონის სანაცვლოდ, ჯამში 92 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც იმ დროის მონაცემებითაც კი საკმაოდ მისაღები ფასი იყო.

ჟოან ლაპორტა, რომ თამამი ადამიანია და რისკი უყვარს, ამაზე ზემოთ ვწერდი. 2003 წელს გამართული არჩევნების წინ, ის გულშემატკივრებს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დევიდ ბექჰემის შეძენას დაპირდა, თუმცა როგორც შემდეგში აღმოჩნდა „წითელმა ეშმაკებმა“ ის „რეალის“ გასაღიზიანებლად და „ბექზის“ ფასის ასაწევად გამოიყენეს.

ბექჰემის ჩავარდნილი ტრანსფერის შემდეგ, იოჰან კრუიფმა ლაპორტას „ვალენსიადან“ აიმარი-ალბელდა-აიალას ტრიოს შეძენა შესთავაზა, თუმა მან სანდრო როსელის რჩევა მოიწონდა და აქცენტი რონალდინიოზე გააკეთა. რასაც გამბედაობა ნამდვილად სჭირდებოდა.

წარმატებული 3-4 სეზონის შემდეგ, გუნდს ორსეზონიანი ჩავარდნა დაეწყო, თუმცა ლაპორტამ 2008 წელს კვლავ სწორი გათვლა გააკეთა. ამჯერად მისი ნაბიჯი რისკისშემცველი იყო, თუმცა რჩევა კრუიფიდან მოდიოდა და მან 100%-ით გაამართლა.

მოგებული 6-დან 6-ვე შესაძლო ტურნირი. 4 სეზონი და 14 თასი - გუნდში პეპ გვარდიოლას მისვლამ კლუბის ისტორია ფუნდამენტურად შეცვალა.

ლაპორტა არის კაცი, რომელსაც თამამი ნაბიჯების არ ეშინია და კლუბს ყოველთვის გვერდში უდგას.

და როგორი იქნება მისი კლუბში დაბრუნდება? რა გეგმები აქვს ლაპორტას? „ბარსა“ ამჟამად ძალიან, ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფება, თუმცა პრეზიდენტი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი და მოდი მის გეგმებს მივყვეთ - ვნახოთ, როგორი იქნება ის ნაბიჯები, რომლებმაც „ბლაუგრანას“ ჭაობიდან უნდა ამოიყვანოს.

ლაპორტას 3 პუნქტიანი გეგმა და 2 მთავარი ამოცანა

პრეზიდენტმა პირველ რიგში ლეო მესი უნდა დაარწმუნოს, რომ გუნდში დარჩეს. ამის შემდეგ, მას 1.2 მილიარდის ოდენობის ვალი აქვს გასასტუმრებელი, რომელთაგან 720 მილიონი ევრო ახლა არის გადასახდელი.

ლაპორტა გეგმავს, რომ სპონსორებთან დიალოგი განაახლოს. ამ საკითხს წინა პრეზიდენტი დიდ ყურადღებას არ აქცევდა. აქედან ის უახლოეს 3 წელში 250 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. იგი ასევე ხედავს 35 კატეგორიას, რომელშიც კლუბს სპონსორი საერთოდ არ ჰყავს.

ლაპორტა სესხის აღებას აპირებს და ამას ორი მიმართულებით გააკეთებს - მთავრობისგან და გულშემატკივრებისგან. თანხას კი 2023 წლისთვის დაფარავს. ის არ თვლის, რომ ეს არის უბრალოდ სესხად აღებული ფული. იგი ამბობს, რომ გულშემატკივრებს კლუბისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებაში მათ ჩართვას მოახდენს.

მის გეგმაში ასევე შედის „კამპ ნოუს“ სწრაფი რეკონსტრუქცია. Espai Barca-ს მშენებლობა: უკვე არსებული პროექტი, კომპლექტი პარკინგებისთვის „კამპ ნოუს“ ირგვლივ, სტადიონის რეკონსტრუქცია, მისი შესაძლებლობების გაზრდა. საკალათბურთო გუნდისთვის საშინაო სასახლის აშენება. სავარჯიშო კომპლექსის გაფართოება.

ტოპ კლუბების შემოსავლის 25% საშინაო არენიდან მოდის. ამიტომ, „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამჯერად ლაპორტამ წინასაარჩევნოდ გუნდის გაძლიერებაზე საუბრისას კონკრეტული გვარების დასახელებისგან და დაპირებებისგან თავი შეიკავა. ბექჰემის ტრანსფერზე მწარე გამოცდილება მას დღემდე ახსოვს.

ლაპორტა ამჯერად ქომაგებს ამშვიდებს და ეუბნება, რომ კლუბს თუ დასჭირდა, ფული ნებისმიერი ფეხბურთელის შესაძენად იქნება: „თუ, გუნდის გაძლიერება დაგვჭირდება, მზად ვიქნებით ნებისმიერი ფეხბურთელი დავიმატოთ. 2003 წელს, ჩვენ უკვე შევეჩეხეთ მსგავს პრობლემებს: შემცირებული შემოსავალი, ძალიან მაღალი ხარჯები და უზამრაზარი დავალიანება.

ამჟამად გვაქვს ინსტრუმენტი, რომ ეს სიტუაცია გამოვასწოროთ. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ“.

ლაპორტამ არჩევნებამდე საჯაროდ განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მესი გუნდში დარჩებოდა.

ლაპორტა და მესი - პრეზიდენტი დარწმუნებულია

„ლეომ იცის, რომ ყველაფერს შევასრულებ რასაც ვპირდები და მე ვფიქრობ, რომ მან კარიერა ბარსელონაში უნდა დაასრულოს. ის ფაქტი, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე არჩევნებზე შვილთან ერთად მივიდა და ხმა მისცა, ადასტურებს, რომ მესის ბარსელონა ძალიან უყვარს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და იმედი გვაქვს, ეს მოვლენები ლეოს დარჩენაზე დაყოლიებაში დაგვეხმარება“.

ჯერჯეორბით უცნობია, თუ როგორ აპირებს ლაპორტა მესის ფინანსური მოთხოვნების შესრულებას, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება, რადგან მესის ფულზე მეტად გუნდის ამბიციები აინტერესებს. არგენტინელს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა სურს.

„ლეოს მხოლოდ სიყვარული სჭირდება. ფული ტიტულების გარანტიას არ იძლევა, ის უფრო მეტად ტიტულების მოგებით არის დაინტერესებული. ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს“.

ლაპორტა თვლის, რომ მესი ფინანსურ საკითხებს უნდა ჩამოშორდეს და მხოლოდ სპორტულ მიმართულებაზე იყოს ფოკუსირებული. პრეზიდენტის თქმით, „ლა პულგას“ ხელფასი კლუბის შემოსავლის 8%-ს შეადგენს, ხოლო მესისგან მიღებული სარგებელი კლუბის შემოსავლის 30%-ს.

ლაპორტამ ამომრჩეველთა დარწმუნება უკვე შეძლო - ახლა დროა მესიც დაარწმუნოს.

ლაპორტას სპორტული პროექტები და გუნდის წევრები

არჩევნებამდე ლაპორტამ თავისი სპორტული პროექტების გეგმა წარმოადგინა, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

ლაპორტა თვლის, რომ „ლა მასია“ კლუბის ეკონომიკური და სპორტული მდგრადობის გრანტია. მისმა გუნდმა სკოლას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და წინა მმართველის მიერ დაშვებული მტკივნეული შეცდომები არ გაიმეორონ.

ლაპორტას თავისი მოდელის, თავისი სტილის დაბრუნება სურს - მნიშვნელოვანია გაიმარჯვო, მაგრამ მნიშვნელოვანია თუ როგორ აკეთებ ამას.

კლუბი უნდა გახდეს ხელოვნური ინტელექტის, „მონაცემთა დიდი ბაზისა“ და ტექნოლოგიების მოხმარების ინიციატორი.

„ლა მასიას“ ექნება 5 განყოფილება: მეთოდოლოგიისა და ვარჯიშის, მწვრთნელების, კულტურისა და სპორტული ღირებულებების, „მონაცემთა დიდი ბაზა“ და სკაუტინგი.

წყალბურთი და ყველა ქალთა სპორტული სახეობის განვითარება. მისი გუნდი ასევე აღადგენს კლუბის ისტირიულ ბეისბოლის სტრუქტურას.

ვინ იქნება ლაპორტას გუნდში? ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ფერან რევერტერს ვიხილავთ, რომელიც გერმანული კომპანია MediaMarktSaturn-ის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.

ტექნიკური დირექტორის თანამდებობას ლეგენდარული იოჰან კრუიფის ვაჟი ხორდი კრუიფი დაიკავებს.

კლუბის ვიცე-პრეზიდენტი რაფაელ იუსტე იქნება, რომელსაც ესპანური პრესა ლაპორტას „მარჯვენა ხელს“ უწოდებს.

ბოლო ინფორმაციით, ლაპორტას გუნდს მატეუ ალემანიც შეუერთდება, რომელიც გენერალური დირექტორის პოსტს დაიკაცებს. ის სხვადასხვა დროს „მალიორკას“ ყოფილი პრეზიდენტი და „ვალენსიას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.

ამ მომენტისთვის ლაპორტა და მისი გუნდი რონალდ კუმანს ნცობას უცხადებს და სავარაუდოდ, ნიდერლანდელი „ბლუგრანას“ მომდევნო სეზონშიც გაწვრთნის.

კლუბში ბრუნდება ვიქტორ ვალდესიც, რომელიც სკოლის მეკარეების მწვრთნელი გახდება. ცნობისთვის, ვალდესი იმ იშვიათთაგანია, რომელმაც თავის დროზე „ბარსელონას“ ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და შემდეგ პირველი გუნდის ძირითადის მოთამაშე გახდა. მას ამ გზის გავლისთვის კატალონიაში დღემდე ძალიან აფასებენ.

ტრანსფერები - დიდი მოლოდინები

ლაპორტა შემადგენლობის გაძლიერების პირობას დებს, თუმცა გვარებს ჯერ არ ასახელებს.

მან ერთ-ერთ წინა ინტერვიუში ერლინგ ჰალანდის ტრანსფერზე მუშაობა არ გამორიცხა. ესპანური პრესა აქტიურად წერს, რომ ლაპორტა მინო რაიოლასთან თავის კარგ ურთიერთობას გამოიყენებს და ნორვეგიელის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.

„მანჩესტერ სიტიდან“ ერიკ გარსიას ტრანსფერი უკვე დადასტურებულია.

ლაპორტას კიდევ ერთი სამიზნე დავიდ ალაბაა. მისი აგენტები პინი ზაჰავი და ფალი რამადანი რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში იმყოფებოდნენ და კლუბის აწ უკვე არჩეულ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას შეხვდნენ.

მადრიდული AS-ის ცნობით, ლაპორტამ ალაბას აგენტებს თხოვა, რომ რამდენიმე დღე მოეცადათ, სანამ ის არჩევნებს მოიგებდა და შემდეგ მათთან ავსტრიელი ფეხბურთელის გადმოსაბირებლად მოლაპარაკებებს დაიწყებდა.

ამ ერთი ტრანსფერით „ბარსა“ რამდენიმე პრობლემას მოაგვარებს. ალაბას ხორდი ალბასთან კონკურენცია შეეძლება. ასევე, 3 მცველიან სქემაში მარცხენა ცენტრალურ მცველად ლენგლეს ნაცვლად მისი გამოყენება კუმანისთვის იდეალური ვარიანტი იქნება.

გერმანული Bild-ის ცნობით, ავსტრიელ ფეხბურთელს „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლის ვარიანტი ძალიან მოსწონს.

ასევე განიხილება სერხიო აგუეროს ვარიანტიც, რომელიც ასევე თავისუფალი აგენტი ხდება და მემფის დეპაისთან ერთად ჰალანდის სათადარიგო ვარიანტად ითვლება. თუ, კლუბს ნორვეგიელის შესაძენად საკმარისი ფინანსები არ ექნება, ამის შემდეგ 2 თავისუფალ აგენტზე გადაერთვებიან.

კიდევ ერთი თავისუფალი აგენტი, რომლის გაფორმებასაც „ბლაუგრანა“ შეეცდება, ჟორჟინიო ვაინალდუმი გახლავთ.

ასევე ცნობილია, რომ ლაპორტა გუნდიდან გრიზმანისა და კოუტინიოს გაშვებას გეგმავს, რომლებსაც საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ. ამ ნაბიჯით ის სახელფასო ბიუჯეტს გამოანთავისუფლებს და პლუს ამას, მათ ნაცვლად კლუბი საკმაო რაოდენობის თანხასაც მიიღებს.

როგორი იქნება ლაპორტას მეორე საპრეზიდენტო ვადა (6 წელი), ამას ყველანი ერთად ვნახავთ. ამ მომენტისთვის, რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ კლუბის მილიონობით ქომაგი გაცილებით ოპტიმისტურადაა გაანწყობილი, ვიდრე აქამდე იყო.

ლაპორტა გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები