საბედისწერო მომენტის დრამა - ადრეულ ასაკში გაელვების ნოსტალგია
Aa Aa

საბედისწერო მომენტის დრამა - ადრეულ ასაკში გაელვების ნოსტალგია

ბექა გოცირიძემ ეროვნულ გუნდში დაახლოებით სამწლიანი პერიოდი გაატარა. 2006-09 წლებში საქართველოს ნაკრებისთვის ჩატარებულ 12 მატჩში 1 გოლი კარდიფში უელსს შეუგდო, როცა რუსეთ-საქართველოს ომი ახალი დასრულებული იყო და თითოეული  გამარჯვება ერისთვის განსაკუთრებულად სასიხარულო მოვლენად აღიქმებოდა.

კუპერის ფორმაციის საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ის მატჩი მოიგო, თამაშიდან გამოთიშულ ტანმაღალ მცველებსა და კარიდან გამოსულ მეკარეს გოცირიძემ აჯობა და თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა. მოგება ყოველთვის სასიხარულოა, თუმცა დამატებულ წუთზე შეგდებულ გადამწყვეტ გოლს უფრო დიდი ემოციები მოაქვს, მით უფრო მაშინ, როცა ომი ახალი დასრულებულია და ტრაგიკული კადრები ხალხის მესხიერებაში მძაფრადაა აღბეჭდილი.

მისი თამაში პირველად 2007 წლის 20 ნოემბერს, ''მიხეილ მესხზე'' რუსეთთან ვნახე, რამდენიმე რუსი მოატყუა და დაბალ კუთხეში გაიტანა. მისი სტილის და დონის მოთამაშე თემურ ქეცბაიას პერიოდის საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდებოდა, როცა ძლიერი კადრების სიმცირის კრიზისი ყველაზე აშკარა იყო, თუმცა 2009 წლის ზაფხულში მომხდარი ავარიის შემდეგ ყველა ოცნება ჰორიზონტიდან ნელ-ნელა გაქრა და ''ზესტაფონიდან'' ''დნიპროში'' მილიონ ევროდ გაყიდული ტალანტი ქართულ ფეხბურთს ძალიან ადრეულ ასაკში გამოაკლდა. მან ეროვნულ გუნდში პირველად 18 წლის ასაკში ითამაშა, უკანასკნელი შეხვედრა კი 21 წლის ასაკში მოლდოვასთან ჩაატარა.

''დნიპროში'' ტრანსფერამდე კარიერის გაგრძელების შანსი გერმანულ აუე-ში ჰქონდა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბში შოთა გრიგალაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ბექა გოცირიძე იხსენებს: ''კლაუს ტოპმიოლერი დაგვეხმარა. მე და შოთა გრიგალაშვილი ერთად წავედით. მაშინ დაახლოებით 17 წლის ვიყავი. სინჯებზე წავედით. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ტრავმა მივიღე, კოჭი დავიზიანე და ეს ტრანსფერი არ გამოვიდა. ტრავმის გამო კონტრაქტი არ გაფორმდა''.

ბოლომდე ბრძოლისა და ''უხილავი ვარჯიშების'' ფაქტორები

''დნიპროს'' ექს-ფორვარდი აღიარებს, რომ დისციპლინასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა მინდორზე ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. მაშინაც კი როცა მასში მილიონი ევრო გადაიხადეს, მოედანზე კვლავ ბოლომდე იხარჯებოდა და უშუალოდ თამაშსა თუ სავარჯიშო პროცესში ბრძოლისუნარიანობა მის ერთ-ერთი მთავარ იარაღად რჩებოდა, თუმცა არსებობს მეორე მხარე, როგორ ცხოვრობს და როგორ ემზადება ფეხბურთელი მატჩისთვის.''უხილავი ვარჯიში'' ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია, რაც სწორ კვებას, სათანადო დასვენებას, ენერგიის კონტროლსა და სხვა ფაქტორებს გულისხმობს. ამ ყველაფერს მატჩიდან მატჩამდე ქომაგები ვერ ხედავენ, მაგრამ მოედანზე ვლინდება და ფეხბურთელად ჩამოყალიბებისა თუ განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესია. 

''ვარჯიშიც მიყვარდა და დისციპლინირებულიც ვიყავი, მაგრამ არის ის პერიოდი, რომელიც უნდა გადალახო. ის პერიოდიც იყო, როცა დისციპლინის კუთხით მოვიკოჭლები. ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, რომ იშრომონ. სხვაგვარად, ძალიან რთულია'' - ამბობდს ბექა გოცირიძე, რომელიც სამწვრთნელო ლიცენზიის აღებას გეგმავს და ფეხბურთში დაბრუნება მწვრთნელის ამპლუაში სურს.

დიდი მოტივაცია და ბრძოლა ფორმის აღდგენისთვის

''ზესტაფონიდან'' ''დნიპროში'' ტრანსფერის შემდეგ სადებიუტო მატჩი 21 წლის ასაკში მირჩა ლუჩესკუს ''შახტართან'' ჩაატარა. იმ მატჩში ჯაბა კანკავამაც ითამაშა, მაგრამ ეროვნული ნაკრების კაპიტნისგან განსხვავებით გოცირიძის უკრაინული კარიერა ხანმოკლე გამოვიდა, ერთმა საბედისწერო მომენტმა, 21 წლის ასაკში მომხდარმა ავტოავარიამ ყველაფერი შეცვალა, ფაქტობრივად მისი კარიერა დაასრულა, თუმცა დაახლოებით რვა თვის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა და ფორმის აღდგენა არაერთხელ სცადა, ''კრივბასში'', გორის ''დილასა'' თუ ქუთაისის ''ტორპედოში''.

შემდგომში მარტვილის ''მერანსა'' და ''რაჭაში'' ასპარეზობდა, უკანასკნელი ოფიციალური გოლები კი 28 წლის ასაკში საქართველოს თასზე ''გარეჯის'' მაისურით ''თბილისი სითის'' გაუტანა, დუბლი შეასრულა. მას ფორმის აღდგენის სურვილი იმდენად დიდი ჰქონდა, დაბალი ლიგის კლუბებში თამაშზეც არ ამბობდა უარს, თუმცა სიტყვები ''თავს ზევით ძალა არააა'' მის ფიზიკურ მდგომარეობას იდეალურად ასახავდა.

მაშინ როცა გიორგი ჭანტურიამ, სრულიად ჯანმრთელმა ახალგაზრდულ ასაკში კარიერა თავისი სურვილით შეწყვიტა და ძალიან რთული წარმოსადგენია გააგრძელოს, ბექა გოცირიძემ ფეხბურთში დაბრუნება არაერთხელ სცადა. ფეხბურთის სიყვარული რთულ მომენტში უფრო კარგად სჩანს, მას სხეული ფორმის აღდგენის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ცდას არ აკლებდა. ბექა გოცირიძის ხანმოკლე პროფესიული კარიერაც ამის დასტური იყო, მინდორზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა.

გაზიარება: