შერმადინის 15 ქულა და ტენერიფეს ზედიზედ მე-4 გამარჯვება!
Aa
Aa

შერმადინის 15 ქულა და ტენერიფეს ზედიზედ მე-4 გამარჯვება!

ACB ლიგის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" "ბეტისს" ესტუმრა და 93:82 დაამარცხა. ვიდორეტას გუნდისთვის ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა 22:17. მეორე და მესამე მეოთხედიც „ტენერიფეს“ კარნახით წარიმართა და გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე ვიდორეტას შეგირდები 74:50-ს იგებდნენ.

უკანასკნელ მეოთხედში მასპინძლები გააქტიურდნენ და 32:19 დააფიქსირეს, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა და სტუმრებმა ჯამში 93:82 გაიმარჯვეს.

შერმადინმა პარკეტზე 20 წუთი და 40 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 15 ქულას და 4 მოხსნას მოუყარა თავი. 4-დან 3-ჯერ გიორგიმ საკუთარი ფარიდან მოხსნა ხოლო ერთხელ მეტოქის. ქართველმა კალათბურთელმა 2 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

„ტენერიფეს“ მხრიდან ეს შედეგი რიგით მეორეა. საუკეთესო კი 20 ქულით და 5 მოხსნით სასუ ანტრეას სალინი იყო.

ამ გამარჯვების შემდეგ ვიდორეტას გუნდს 42 ქულა დაუგროვდა და მესამე პოზიციაზე იმყოფება. პირველ ადგილს მადრიდის „რეალი“ 52 ქულით იკავებს. მეორეზე „ბარსელონაა“ 48 ქულით, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ტენერიფეს“ ორივე გუნდზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს ვიდორეტას შეგირდები 8 აპრილს სტუმრად „სან პაბლო ბურგოსის“ წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 22:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები