Aa
Aa

რიგითი ალავესის გადასარჩენად - ბასკებს ხავი კალიეხას იმედი აქვთ

ლა ლიგის აუტსაიდერ „დეპორტივო ალავესს“ მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში. ბასკთა უფროსობა მოვლენათა განვითარებით ძალიან უკმაყოფილოა და უმაღლეს ლიგაში დარჩენის იმედს ჯერაც არ კარგავს.

ვიტორიელებმა სეზონი პაბლო მაჩინთან ერთად დაიწყეს, თუმცა 12 იანვარს გუნდი უკვე ძველ-ახალ მთავარ მწვრთნელ აბელარდო ფერნანდესს ჩააბარეს. აბელარდომ შედეგების გამოსწორება საერთოდ ვერ შეძლო და 5 აპრილამდე გამართულ 12 შეხვედრაში გუნდს მხოლოდ 5 ქულა მოაპოვებინა.

ბასკთა მე-3 იმედი ხავიერ კალიეხა გახლავთ. 42 წლის სპეციალისტმა ვიტორიულ კლუბთან ხელშეკრულება სეზონის დასრულებამდე გააფორმა და მიზნად მისი ლიგაში დატოვება დაისახა. ამ მომენტში, „ალავესი“ ლა ლიგის ბოლო ადგილზეა, თუმცა მე-17 პოზიციაზე მყოფ „ელჩეს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

კალიეხას სამწვრთნელო კარიერა აქამდე სრულად „ვილიარეალს“ უკავშირდებოდა. ამ გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ორი სეზონი ჩაატარა და ორივე მათგანში ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. ახალგაზრდა მწვრთნელს „ალავესში“ ასისტენტობას „ვილიარეალის“ ყოფილი ფეხბურთელი, კიკე ალვარესი გაუწევს, როგორც ეს 2019-20 წლებში, იმავე „ვილიარეალში“ ყოფნისას ხდებოდა.

კალიეხასა და ალვარესს პირველი გამოცდა საკმაოდ რთული ექნებათ, რადგან 9 აპრილს, „ალავესს“ „ბილბაოსთან“ ბასკური დერბი ელოდება, თანაც სტუმრად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები