ესპანეთი ან ნიდერლანდები - სიომინი ხვიჩას მილანს არ ურჩევს
Aa
Aa

ესპანეთი ან ნიდერლანდები - სიომინი ხვიჩას მილანს არ ურჩევს

მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა, მის ყოფილ შეგირდზე ხვიჩა კვრაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველისთვის საუკეთესო ვარიანტი ესპანეთში, ან ნიდერლანდებში თამაში იქნება:

„ვფიქრობ, ხვიჩასთვის მილანში დამკვიდრება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მირანჩუკისთვის ატალანტაში. თუმცა იტალიის ჩემპიონატი რთული სათამაშოა. კვარაცხელიას ესპანეთის ან ნიდერლანდების ჩემპიონატები უფრო შეეფერება. ამ ქვეყნებში უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და ქართველი ნახევარმცველი თავის პოტენციალს უფრო ადვილად გამოავლენს.

ბევრი რამ იქნება უშუალოდ გუნდზე დამოკიდებული. საერთოდ, ყველაფერი ხვიჩას ხელშია. ის ძლიერი ბიჭია და ვფიქრობ წარმატებას მიაღწევს.

მისი ნიჭი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ხვიჩა ძალიან მიზანმიმართულია. ის კარგი მწვრთნელის ხელში აღმოჩნდა. სლუცკის გუნდი პროგრესირებს. კვარაცხელია თავის გამოჩენას საქართველოს ნაკრებშიც ახერხებს. ის ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს“, - ციტირებს სიომინის სიტყვებს RT.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას მიმართ ინტერესს „ბაიერნი“, „მილანი“, „იუვენტუსი“, „ნაპოლი“, „დორტმუნდი“ და „სევილია“ იჩენენ.

ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში, „იმედის დღეში“, კვარაცხელიამ სამომავლო გეგმებსა და შესაძლო ტრანსფერზე პირველი კომენტარი გააკეთა:

„კონკრეტულ გუნდს ვერ დავასახელებ, არც ვიქნები მართალი. შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი შემოთავაზება არის. ჩემთვის მთავარი სათამაშო დროა. არჩევანი ამის მიხედვით გაკეთდება.

მთელი ცხოვრებაა რეალის გულშემატივარი ვარ და ვოცნებობ ამ გუნდის რიგებში თამაშზეც და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეც“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები