FIFA-ს განახლებული რეიტინგი - სომხეთმა საქართველოს გადაასწრო
Aa
Aa

FIFA-ს განახლებული რეიტინგი - სომხეთმა საქართველოს გადაასწრო

როგორც წესი, სანაკრებო ბატალიების შემდეგ FIFA ახალ რეიტინგს აქვეყნებს. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა იყო და გულშემატკივრებმა ახალი რეიტინგი იხილეს.

სამწუხარო ფაქტი ის გახლავთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 პოზიციით დაქვეითდა და ახლა  1259.51 ქულით 91-ე ადგილს იკავებს. ვილი სანიოლის გუნდს ხუაკინ კაპაროსის „სომხეთმა“ გადაასწრო.

აღსანიშნავია, რომ სომხეთმა მარტის თვეში 3 მატჩი მოიგო და 9 პოზიციით აღზევდა. „ჯვაროსნებმა“ კი შესაძლო 9 ქულიდან 1 აიღეს. „ჩვენებურების“ გასამართლებლად შეიძლება ითქვას, რომ მათ ისეთი ძლიერი მეტოქეები ჰყავდათ, როგორებიც შვედეთი და ესპანეთი არიან.

ცნობისთვის, საქართველო FIFA-ს რეიტინგში ისეთ ნაკრებებს უსწრებს, როგორებიც ვიეტნამი, ლიბანი, კონგო, კვიპროსი, მადაგასკარი და იორდანია არიან.

FIFA-ს ტოპ 10 კი ასე გამოიყურება

  1. ბელგია 1783.38 ქულა
  2. საფრანგეთი 1757.3 ქულა
  3. ბრაზილია 1742.65 ქულა
  4. ინგლისი 1686.78 ქულა
  5. პორტუგალია 1666.12 ქულა
  6. ესპანეთი 1648.13 ქულა
  7. იტალია 1642.06 ქულა
  8. არგენტინა 1641.95 ქულა
  9. ურუგვაი 1639.08 ქულა
  10. დანია 1631.55 ქულა

"ჯვაროსნების" მომავალი მატჩები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ქვეყნის ეროვნული გუნდები, ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

6 ივნისს, ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ "ტვენტეს" სტადიონზე ნიდერლანდებსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს შორის, ეს ისტორიაში პირველი დაპირისპირება იქნება.

ვილი სანიოლის გუნდი ნიდერლანდებთან მატჩამდე კიდევ ერთ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - 2 ივნისს, სტუმრად რუმინეთს შეხვდება. 

ფიფა-ს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები