ბაიერნი VS პსჟ - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

ბაიერნი VS პსჟ - მატჩის შემდეგ

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის პირველი შეხვედრა „ბაიერნსა“ და პსჟ-ს შორის. სტუმრებმა 3:2 გაიმარჯვეს და პარიზში კომფორტული უპირატესობით დაბრუნდნენ. პოჩეტინოს გუნდის მხრიდან გოლები მბაპემ(2) და მარკინიოსმა გაიტანეს. „რეკორდმაისტერის“ მხრიდან კი თავი მიულერმა და ჩუპო-მოტინგმა გამოიჩინეს.

საინტერესო ფაქტები

კილიან მბაპე პარიზელთა რიგებიდან დანი ალვეშის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ყველაზე სწრაფად გაიტანა. ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა 2017 წელს „ბაიერნის“ კარი 84-ე წამზე აიღო, ფრანგმა შემტევმა კი 149-ზე.

ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარის დებიუტის შემდეგ, რომელიც 2013 წელს შედგა, არცერთ სხვა ფეხბურთელს იმდენი ასისტი არ ჰქონია, რამდენიც ბრაზილიელს აქვს. 29 წლის ვარსკვლავმა ამ პერიოდის განმავლობაში 25 საგოლე გადაცემა მიითვალა.

2019 წლის შემდეგ „ბაიერნი“ პირველად „პარი სენ ჟერმენთან“ დამარცხდა.

რა თქვა პოჩეტინომ მატჩის შემდეგ?

"შედეგით და ჩემი გუნდის თამაშით ბედნიერი ვარ. ბიჭებმა, ევროპაში საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ რთულ სიტუაციებში იდეალურად ითამაშეს და თავიანთი თამაში იპოვეს. მინდა მათ ეს გამარჯვება მივულოცო. იმედი მაქვს მეორე მატჩშიც ასე ვითამაშებთ.

როდესაც იმარჯვებ საკუთარ არჩევანზე და გადაწყვეტილებაზე საუბარი ადვილია. ყველა ფიქრობს, რომ სწორი არჩევანი გააკეთე, მაგრამ ეს ყველაფერი ფეხბურთელების საოცარი თამაშის შედეგია. მოსაგებად მათ დიდი მსხვერპლი გაიღეს, მაგრამ წინ კიდევ ერთი შეხვედრაა. ჩვენ ვიცით, რომ მეორე დაპირისპირება ძალიან რთული იქნება."

რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ?

„ჩვენმა მეტოქემ ძალიან ცოტა მომენტიდან 3 გოლი გაიტანა. წაგების მიუხედავად ჩემი ფეხბურთელების თამაში საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. შეგვეძლო უკეთესი შედეგი დაგვეფიქსირებინა, რადგან არაერთი მომენტი გვქონდა."

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 13 აპრილს, თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები