საქველმოქმედო მიზნებისთვის - რატომ სთხოვა მსაჯმა ჰოლანდს ავტოგრაფი?
Aa
Aa

საქველმოქმედო მიზნებისთვის - რატომ სთხოვა მსაჯმა ჰოლანდს ავტოგრაფი?

„მანჩესტერ სიტისა“ და „დორტმუნდის“ მატჩის დასრულების შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში საკმაოდ უჩვეულო და საინტერესო ამბავი მოხდა. მსაჯმა ერლინგ ჰოლანდი შეაჩერა და ავტოგრაფი სთხოვა.

ეს არბიტრი ოქტავიან შოვრე გახლავთ, რომელიც „სიტისა“ და „დორტმუნდის“ დაპირისპირებაში ოვიდიუ ჰაცეგანის სამსაჯო ბრიგადაში, ლაინსმენად მუშაობდა. შოვრეს ქმედებას საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და იგი ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა Gazeta Sporturilor-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, კრიტიკოსებს საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოუწიათ.

რუმინული გაზეთის მიხედვით, შოვრე ბიჰორის რეგიონში მდებარე ცენტრს ეხმარება, რომელშიც აუტიზმის მძიმე ფორმის მქონე ბავშვები და ზრდასრული ადამიანები იმყოფებიან. ცენტრი საარსებოდ საჭირო თანხას შემოწირულობებითა და მიღებული საჩუქრების გაყიდვით აგროვებს.

შოვრე 5 წელზე მეტია ცენტრს ეხმარება და ევროპაში ჩატარებული მატჩების შემდეგ, მისთვის მაისურები, ფოტოები და ფეხბურთელების მიერ ხელმოწერილი ალმები და ბარათები გადაუცია, რომლებიც შემდგომში ცენტრის წარმომადგენლებს აუქციონზე გაუტანიათ და გაუყიდიათ.

რუმინულ გაზეთს იმ ასოციაციის ერთ-ერთი წევრის კომენტარიც მოჰყავს, რომლის დახმარებითაც ზემოთ ხსენებული ცენტრი ფუნქციონირებს. სიმონა ზლიბუტი ამბობს, რომ შოვრეს წლებია იცნობს და მასთან ერთად ბაღში დადიოდა.

„სიტყვებით ვერ აღვწერ, თუ რამხელა დახმარება გაგვიწია ოქტავიანმა წლების განმავლობაში. ვიცით, რომ ამ ცენტრის სხვა გზით დაფინანსება შეუძლებელია. რომ გამოვიდეთ და თანხა მოვითხოვოთ, არავინ გვენდობა, მაგრამ როცა საუბარი სუვენირებს ეხება, მაგალითისთვის: მაისურებს, ფოტოებსა და ავტოგრაფებს, რომლებიც აუქციონზე იყიდება, ყველაფერი სხვანაირადაა და ხალხი ფულს იხდის, მიღებულ თანხას კი აუტიზმის მქონე ადამიანებს ვახმართ“.

რუმინული გაზეთის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა შოვრეს ბოდიში მოუხადეს და მის მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურეს. სხვათ შორის, ზლიბუტის თქმით, მსაჯის გარდა, მის ასოციაციას ცნობილი ფეხბურთლებიც ეხმარებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები