Covid-19 დაუდგინდა, კარანტინი დაარღვია და ველოსიპედით მოძრავს დაეჯახა - ლუის ადრიანო სკანდალში გაეხვია
Aa
Aa

Covid-19 დაუდგინდა, კარანტინი დაარღვია და ველოსიპედით მოძრავს დაეჯახა - ლუის ადრიანო სკანდალში გაეხვია

„პალმეირასის“ ფეხბურთელი, ლუის ადრიანო, რომელსაც „შახტარსა“ და „მილანში“ უთამაშია სერიოზულ სკანდალში გაეხვია. ბრაზილიელ თავდამსხმელს ახლახან კორონავირუსი დაუდგინდა და თვითიზოლაციაში მინიმუმ 10 დღის გატარება დაევალა, თუმცა მან პროტოკოლი დაარღვია.

ბრაზილიური გამოცემების ინფორმაციით, ადრიანომ კარანტინი დატოვა, რათა დედამისი საყიდლებზე წაეყვანა, გზად კი ინციდენტი შეემთხვა და საკუთარი ავტომობილით ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს დაეჯახა. ამ უკანასკნელმა დაზიანებები მიიღო და დახმარება დასჭირდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით ადრიანომ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ბოდიში მოიხადა: „კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხის შემდეგ, მივიღე ინსტრუქცია, რომ საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში ვყოფილიყავი, თუმცა გუშინ დედაჩემი საყიდლებზე წავიყვანე, რადგან მან ავტომობილის მართვა არ იცის. მანქანის დატოვებას არ ვაპირებდი და პირბადე მეკეთა, თუმცა ინციდენტი შემემთხვა და ჩემს ავტომობილს ველოსიპედი დაეჯახა.

პირბადე არ მომიხსნია და მთელი დროის განმავლობაში ხალხისგან შორს ვიდექი, რის გამოც ადამიანს, რომელმაც დაზიანებები მიიღო, ვერ დავეხმარე. ახლა ყველა კარგადაა. დიახ, სახლი არ უნდა დამეტოვებინა და ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი. რთული პერიოდი გვიდგას. ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ და უსაფრთხოების პროტოკოლი დავიცვათ. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია სხვადასხვა გზით სხვებს დავეხმაროთ და მთავარი საკუთარი შეცდომების აღიარება და მათგან გაკვეთილების მიღებაა“.

ბრაზილიური პრესის ინფორმაციით, ადრიანოს ჯარიმა დაეკისრა და მან საკვებ ბანკს პროდუქტებით სავსე კალათების გარკვეული რაოდენობა უნდა გადასცეს. ესპანურ გამოცემა AS-თან საუბრისას 33 წლის ფეხბურთელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იგი ავტომობილს დაუდევრად არ მართავდა და დაზარალებული ყურადღებისა და დახმარების გარეშე არ დაუტოვებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები