„კარგად გამოიყურებოდა, სათამაშო დრო სჭირდება
Aa
Aa

„კარგად გამოიყურებოდა, სათამაშო დრო სჭირდება" - NBC Sports და CBS Sports გოგაზე

„ინდიანა პეისერსის“ ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე მიმდინარე რეგულარულში ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა. 21 წლის ცენტრი სასტარტო ხუთეულში „მინესოტა ტიმბერვულვზის“ წინააღმდეგ ვიხილეთ და მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გოგას სტარტს ორი ცნობილი ამერიკული გამოცემა გამოეხმაურა და სწორედ მათ შეფასებებს გთავაზობთ.

NBC SPORTS

„გოგა ბითაძე მიმდინარე სეზონში სასტარტო ხუთეულში დაწყებულ პირველ შეხვედრაში კარგად გამოიყურებოდა. მინესოტასთან მოგებულ მატჩში მან პარკეტზე თითქმის 25 წუთი გაატარა და 14 ქულა, 3 მოხსნა, 5 ასისტი, 2 სამქულიანი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება და 0 დაკარგვა ჰქონდა.

როგორც ხედავთ, გოგას ბევრი მონაცემი აქვს და უბრალოდ სათამაშო დრო სჭირდება, ინდიანაში კი მსგავსი რამ ხშირად ნამდვილად არ ხდება. ბითაძემ საბონისისა და ტერნერის არყოფნის გამო თავისი შანსი ამ საღამოს მიიღო და სანამ ამ ორს ჯანმრთელობის პრობლემები ექნება, გოგა გუნდისთვის სასარგებლო იქნება, თუმცა როგორც კი ისინი დაბრუნდებიან, ბითაძე მათ უკან გადაინაცვლებს“.

CBS SPORTS

„ბითაძეს მინესოტასთან მოგებულ მატჩში 14 ქულასთან ერთად, 5 ასისტი, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. მან ტერნერისა და საბონისის ტრავმების გამო პარკეტზე მიმდინარე სეზონში თავისთვის სარეკორდო, 25 წუთი გაატარა. როგორც მოსალოდნელი იყო, გოგამ მიმდინარე სეზონში ასევე თავისთვის სარეკორდო, 14 ქულა ჩააგდო. უცნობია, საბონისი და ტერნერი რამდენ ხანს იუქმებენ, მაგრამ ბითაძეს ნამდვილად აქვს უნარი, რომ სათამაშო დროის გაზრდის შემთხვევაში, სხვადასხვა კატეგორიაში ინდიანას სოლიდური კონტრიბუტორი იყოს“.

შეგახსენებთ, რომ „ინდიანამ“ დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი 141-137 დაამარცხა. „პეისერსს“ 23 მოგება და 27 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილს იკავებს. გოგას გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს გამართავს და „ორლანდო მეჯიქს“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები