Aa
Aa

"რონალდუს დავაბრუნებთ, კლოპი მომწონს", - ვინ არის ენრიკე რიკელმე?

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტობის კანდიდატი (ჯერ არაოფიციალურად) ენრიკე რიკელმე საკმაოდ თამამი განცხადებებით გამოდის. 32 წლის ბიზნესმენი პრესისა და ქომაგების ყურადღებას ნამდვილად იქცევს.

რა თქვა რიკელმემ

„ზიდანი ჩემი მწვრთნელი არ იქნება. სპორტის მენეჯმენტი სხვა სტრატეგიასა და სხვა კანდიდატს განიხილავს. პირადად მე კლოპი მომწონს. რაულმა თავი კარგად წარმოაჩინა. ყველაფერი შეფასდება.

ჩვენ რონალდუს დავაბრუნებთ, რადგან ის ფეხბურთისთვის და რეალისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. არ არსებობს ასაკოვანი და ახალგაზრდა მოთამაშეები, არიან მხოლოდ კარგი და ცუდი ფეხბურთელები.

თეორიულად მბაპეს ყიდვა არის საჭირო, ის რა თქმა უნდა შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ ჯერ კლუბის ფინანსური მდგომარეობა არის შესაფასებელი.

რამოსი? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ნამდვილი მადრიდისტა. რატომ არ უნდა განვაახლოთ მასთან კონტრაქტი? მე მას ამჟამინდელი ანაზღაურებით ხელშეკრულებას გავუგრძელებდი“. - ამბობს ენრიკე.

ვინ არის ენრიკე რიკელმე?

ენრიკე რიკელმე ვივესი - 32 წლის ესპანელი ბიზნესმენი, რომელიც მილიონერთა სიაში იმყოფება. COX Energy-ის დამფუძნებელი გახლავთ. გასულ წელს Forbes-მა 100 ყველაზე კრეატიულ ესპანელ ბიზნესმენთა შორის დაასახელა.

წარმოშობით ვალენსიელ ბიზნესმენს 2018 წელს ესპანეთის ახალგაზრდა მეწარმეთა კონფედერაციამ (CEAJE) ეროვნული ჯილდო გადასცა, რომელიც აფასებს 40 წლამდე ბიზნესმენთა ინოვაციურ შესაძლებლობებს.

როგორც რიკელმემ El Confidencial-თან ინტერვიუში განაცხადა, მისი კომპანიის ღირებულება 300 მილიონ ევროს შეადგენს.

რიკელმე პერესს აფასებს, მაგრამ ცვლილებების დროა

„ახლა დროა, რომ კლუბმა განსხვავებული მიმართულება აიღოს და მენეჯმენტს სრულად პროფესიონალიზაცია გაუკეთოს, გახდეს მართლაც გლობალური კლუბი, ან პრობლემები წარმოიქმნება“. - ამბობს რიკელმე.

რიკელმე 21-ე საუკუნეში ფლორენტინო პერესისა და მისი გუნდის გაწეულ სამუშაოს აქებს, თუმცა თვლის რომ ახლა ცვლილებების დროა: „სანტიაგო ბერნაბეუმ ამ ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა და გვანახა რა არის რეალი. ის ისტორიაში ეჭვგარეშეა, რომ საუკეთესო პრეზიდენტია.

შემდეგ კლუბს ყავდა ასევე კარგი პრეზიდენტები, თუმცა მათ შორის ფლორენტინო პერესი ნამდვილი კატალიზატორი იყო, რომელმაც კლუბისთვის ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა.

მან რეალი გააერთიანა, თუმცა ამჯერად ინსტიტუტს ცვლილებები სჭირდება“.

ვნახოთ რამდენად შესწევს ენრიკე რიკელმეს იმის ძალა, რომ ისეთი „ზვიგენი“ დაამარცხოს როგორიც დონ ფლორენტინო პერესია. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები