მესი, რამოსი და სხვა - დელ ბოსკემ ელ კლასიკოზე ისაუბრა
Aa
Aa

მესი, რამოსი და სხვა - დელ ბოსკემ ელ კლასიკოზე ისაუბრა

ლეგენდარულმა ესპანელმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ შაბათს გასამართი „ელ კლასიკოს“ შესახებ ისაუბრა.

დელ ბოსკე მესისა და რამოსის ირგვლივ არსებულ ვითარებასაც შეეხო:

„არ ვიცი იქნება, თუ არა ეს მესის ბოლო კლასიკო. მაგრამ ვიცი, რომ ყოველ ჯერზე, როცა მისი დონის ტალანტს დავკარგავთ, ეს ესპანური ფეხბურთისთვის კარგი არ იქნება“.

დელ ბოსკემ რამოსსა და „რეალს“ შორის არსებულ უთანხმოებაზე დასმულ კითხვას თავი აარიდა და მოკლედ უპასუხა: „იმედი მაქვს მხარეები საუკეთესო შეთანხმებას მიაღწევენ“.

როგორც მოგეხსენებათ, რამოსს სეზონის ბოლოს კონტრაქტი უსრულდება და თავისუფალი აგენტი ხდება. კაპიტანი კლუბს ხელფასზე ვერ უთანხმდება.

ბოსკემ საუბარი უშუალოდ თამაშის შესახებ განაგრძო:

„შაბათის მატჩის შემდეგ, ჩვენ იგივე გაურკვევლობაში ვიქნებით. სეზონის ამ ეტაპზე შეუძლებელია რამე წააგო. თუმცა სეზონის ბოლოს ყველა გუნდი ყველაფრის მოგებას ვერ შეძლებს.

არის თუ არა კაზემირო-მოდრიჩი-კროოსი რეალის ისტორიაში ნახევარდაცვის საუკეთესო ტრიო? კროოსი და მოდრიჩი არაჩვეულებრივები არიან, ასევე კაზემიროც ეფექტურ სამუშაოს ასრულებს.

სწორედ ეს სამეულია ის, ვინც ბოლო წლებში რეალის შეტევაშიც და დაცვაშიც გადამწყვეტ როლს ასრულებს“.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „ბარსელონა“ „ატლეტიკოს“ 1 ქულით ჩამორჩება და მადრიდელებთან „კამპ ნოუზე“ ერთი მატჩი აქვთ გასამართი. „რეალი“ კი თანაქალაქელს 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა „სამეფო კლუბმა“ მათთან უკვე ორივე შეხვედრა ჩაატარა (ზიდანის გუნდმა ატლეტიკოს 4 ქულა აართვა).

„ელ კლასიკო“ შაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები