Aa
Aa

"თავს გაგიტეხავ" - გრიგალავა და აჯოევი ივიცა ოლიჩს დაემუქრნენ

რუსეთის თასის მეოთხედფინალში „ტულამ“ ცსკა-ს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა. მსაჯმა ფეხბურთელებს 6 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ყველაზე მთავარი შეხვედრის დასრულების შემდეგ მოხდა.

რუსული გამოცემა Sports.ru წერს, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გია გრიგალავა და „ტულას“ თავდამსხმელი გურამ აჯოევი „არმიელთა“ მწვრთნელს ივიცა ოლიჩს თავის გატეხვით დაემუქრნენ.

გამოცემა იმასაც წერს, რომ ფეხბურთელებმა ივიცა ოლიჩისკენ გაიწიეს, თუმცა გააშველეს და კონფლიქტი სულ მალე დასრულდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სანქციები მოჰყვება ხსენებული ფეხბურთელების საქციელს.

ცნობისთვის, გრიგალავამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. აჯოევი კი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

იმასაც გეტყვით, რომ „ტულა“ შიდა ჩემპიონატში 24 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება. ეს პოზიცია კი გასავარდნ ზონას ეკუთვნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები