მარცხი 53 წუთში - ბასილაშვილი ფინალში ვერ გავიდა
Aa
Aa

მარცხი 53 წუთში - ბასილაშვილი ფინალში ვერ გავიდა

კალიარის 250-ქულიანი კატეგორიის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ლასლო ჯერეს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ უშანსოდ ორ სეტში 2:6 0:6 დამარცხდა. ქართველ ჩოგბურთელს თამაში არ წაუვიდა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზს ერთი ბრეიკ პოინტიც კი არ ჰქონია.

თამაში ჯერემ აქტიურად დაიწყო, მესამე გათამაშებაში ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. სერბმა ჩოგბურთელმა მეორე ბრეიკიც შეასრულა და პირველი სეტი ძალიან მარტივად 6:2 მოიგო.

სამწუხაროდ ნიკოლოზმა ვერც მეორე სეტი დაიწყო კარგად და თავისი ჩაწოდება წააგო. ჯერე ისევ წინ გავიდა. სერბმა ჩოგბურთელმა თავისი ჩაწოდებაც მოიგო და შემდეგ გეიმში ნიკოლოზი კიდევ ერთხელ დააბრეიკა. საბოლოოდ საქართველოს პირველმა ჩოგანმა მოწინააღმდეგეს ვერაფერი დაუპირისპირა და მეორე სეტი 0:6 დათმო.

ცნობისთვის, ეს მოთამაშეები აქამდე 4-ჯერ შეხვდნენ. სამჯერ სერბმა გაიმარჯვა, ხოლო ერთხელ ნიკოლოზმა. იმასაც გეტყვით, რომ ნახევარფინალამდე ბასილაშვილმა კოვალიკი და შტრუფი გამოთიშა ასპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ მომავალ მატჩს ნიკოლოზი მონტე კარლოს მასტერსზე გამართავს. ქართველის მეტოქე 36 წლის ფილიპ კრაინოვიჩი იქნება. შეხვედრა 11 აპრილით თარიღდება. ბასილაშვილი და კრაინოვიჩი ერთმანეთს ისტორიაში სამჯერ შეხვდნენ და "ჩვენებურის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 3-დან ორჯერ სწორედ მან გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები