Aa
Aa

პირველი იაპონელი და მეორე აზიელი - მაცუიამამ ისტორია დაწერა

გოლფის რიგით 85-ე მასტერსის სერიის ტურნირი ჰიდეკი მაცუიამას ჩემპიონობით დაგვირგვინდა. იაპონელმა სპორტსმენმა გოლფში ახალი ისტორია დაწერა.

იაპონური გოლფის ისტორიაში გუშინდელამდე ორი დიდი გამარჯვება იყო: 1977 წელს - ჰისაკო ჰიგუჩიმ, ხოლო 2019 წელს - ჰინაკო შიბუნომ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ფურცლები ჩაწერეს. ორივე მათგანი ქალბატონია, მამაკაც იაპონელებს შორის კი 1980 წელს, ისაო აოკის მიერ ამერიკის ღია პირველობაზე მოპოვებული მე-2 ადგილი საუკეთესო შედეგი გახლდათ.

შედეგად, ჯორჯიის შტატ აუგუსტაში გამართულ გათამაშებაზე მიღწეული ტრიუმფის შემდეგ, მაცუიამა პირველი იაპონელი მამაკაცია, რომელმაც გოლფში მასტერსის სერიის ტურნირი და, ზოგადად, ამ სპორტის მაღალი რანგის შეჯიბრება მოიგო. ასევე, იგი მეორე აზიელია, რომელმაც ეს გააკეთა. 2009 წელს, PGA Championship-ზე ტიტული სამხრეთ კორეელმა იან იონ-ეუნმა მოიპოვა.

„ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი მენტალიტეტი, ცხადია, ბოლო დარტყმებზე არ იყო მომართული და პირველივე სვლებიდან გეგმის მიხედვით ვმოქმედებდი. მთელი გათამაშების განმავლობაში ჩემს ოჯახსა და ახლობლებზე ვფიქრობდი და ბედნიერი ვარ, რომ მათთვის ასე კარგად თამაში შევძელი.

იმედი მაქვს, პიონერი გავხდები და ჩემს კვალს ბევრი იაპონელი გაჰყვება. მოხარული ვარ, რომ მათთვის ეს დიდი კარი გავაღე“, - განაცხადა მაცუიამამ.

29 წლის იაპონელს წარმატება მიულოცა ლეგენდარულმა ტაიგერ ვუდსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ეს ჩემპიონობა მთლიანად გოლფის სამყაროზე მოახდენს გავლენას.

„იაპონელების საამაყო ჰიდეკი! გილოცავ შენთვის და შენი ქვეყნისთვის ამ უდიდეს მიღწევას. ისტორიული ჩემპიონობა, რომელიც გავლენას სრულიად გოლფის სამყაროზე მოახდენს“, - დაწერა „ტვიტერზე“ ვუდსმა.

ჰიდეკი მაცუიამას პროფესიონალურ კარიერაში 15 ტიტული აქვს მოგებული, მათგან 6 PGA-ის კატეგორიისაა. მაცუიამა გოლფის მსოფლიო რეიტინგში გასულ კვირასთან შედარებით 11 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად მე-14 ადგილზე გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები