აგუეროს წარმომადგენელი ბარსელონაშია - მოლაპარაკება მიმდინარეობს
Aa
Aa

აგუეროს წარმომადგენელი ბარსელონაშია - მოლაპარაკება მიმდინარეობს

ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სერხიო კუნ აგუერო „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს. არგენტინელი თავდამსხმელი თავისუფალი აგენტი ხდება და ნებისმიერ კლუბში შეეძლება გადასვლა.

ესპანური ტელევიზია El Chiringuito TV ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. ხსენებული ტელევიზიის ჟურნალისტი ხოსე ალვარესი გვამცნობს, რომ აგუეროს წარმომადგენელი კატალონიაში იმყოფება და კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ახლა კუნ აგუეროს წარმომადგენელი აქ არის და შესაძლოა რამდენიმე დღეში ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სიახლე შევიტყოთ. ლეო მესი და სერხიო ერთმანეთს ხშირად ეკონტაქტებიან და „ბარსელონა“ მათ ურთიერთობას სერიოზულად უდგება.“ - ამბობს ხოსე ალვარესი

ვინ ინტერესდება აგუეროთი?

„ბარსელონას“ გარდა არგენტინელი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს ლონდონის „ჩელსიც“ იჩენს. Daily Mail-ის ინფორმაციით, „არისტოკრატები“ აგუეროს გარშემო განვითარებული მოვლენებს აკვირდებიან და შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ მისი გადაბირება სცადონ.

კუმანი სერხიოს წინააღმდეგია

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელთა თავკაცი რონალდ კუმანი აგუეროს ტრანსფერის წინააღმდეგია. ნიდერლანდელს პოზიცია არ შეუცვლია და უპირატესობას კვლავინდებურად მემფის დეპაის ანიჭებს, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. კუმანი დარწმუნებულია, რომ მისი თანამემამულე „ბარსელონას“ სისტემასთან უკეთ ადაპტირდება და ამასთან, 25 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია, რაც „ბარსას“ მთავარ მწვრთნელს ძალიან მოსწონს

აგუერო „მანჩესტერ სიტიში“

32 წლის შემტევი „ქალაქელებში“ 2011 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 385 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 257 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები