Aa
Aa

"ჩემი პირველი მიზანია.." - ინტერვიუ საქართველოს ქალთა ნაკრების ახალ მწვრთნელთან

ცნობილი გახდა, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე დღეიდან საქართველოს ქალთა ნაკრებს გაწვრთნის, თუმცა გურულ კლუბში მოღვაწეობას მაინც გააგრძელებს.

ქართველი სპეციალისტი ორ საქმეს ერთდროულად შეითავსებს, რაც ადვილი ნამდვილად არ გახლავთ. ამასთან დაკავშირებით Crystalsport გიორგი ჩხაიძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები და პირველ რიგში რის შეცვლას აპირებთ საქართველოს ქალთა ნაკრებში?

„ჩემი პირველი მიზანია შესარჩევ ციკლში რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ და ღირსეულად წარვსდგეთ ჩვენი ქვეყნის წინაშე.“

თქვენ ახლა ორმაგი პასუხისმგებლობა გაქვთ. ლანჩხუთშიც უნდა იმუშაოთ და ნაკრებშიც - როგორ მიიღეს ახალი ამბავი ლანჩხუთის ფეხბურთელებმა?

„მართლაც რთულ მდგომარეობაში ვარ. ორ ფრონტზე მიწევს ბრძოლა. ჯერ ქვეყნის მიმართ ნდობის გამართლება და მეორე, ჩემი რაიონისთვის ჩემპიონობის მოპოვება. ჩემმა ფეხბურთელებმა ეს ამბავი პროფესიონალურად მიიღეს. მათგან უდიდეს გვერდში დგომას ვგრძნობ."

თქვენი წინამორბედი 1 კონკრეტული ტაქტიკით არასდროს თამაშობდა. უკანასკნელ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამუდმებით სხვა წყობას ვხედავდით. რას ფიქრობთ ამ საკითხზე და გადაწყვეტილი თუ გაქვთ რა სისტემით ითამაშებთ?

„რაც შეეხება ტაქტიკას, რა კონტიგენტიც მეყოლება იმის მიხედვით ვიმოქმედებ. ამხანაგურ თამაშზე კიდევ ბევრ რამეს გავარკვევ და იმის მიხედვით ვიმოქმედებ.“

ნაკრების კაპიტანი ხან სუთიძეა, ხან კი მატვეევა. ხომ არ აპირებთ ამ კუთხით ცვლილებას?

„კაპიტნის თემაზე ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა რადიკალურ ცვლილებებს არ ვგეგმავ.“

გიორგი ჩხაიძის ისტორიული მიღწევა

ახალგაზრდა სპეციალისტის სახელს, ქალთა ფეხბურთის ბოლო წლების ყველაზე დიდი წარმატება უკავშირდება - გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით, ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელმაც უეფა-ს 2020/21 წლის სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. გიორგი ჩხაიძე ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2018 წელს მუშაობდა.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ კი, მშობლიური ქალაქის ქალთა კლუბს უკვე 2020 წელს დაუბრუნდა და საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული თამაშის შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით „ლანჩხუთი“ ევროპის საუკეთესო 32 კლუბს შორის მოხვდა. გიორგი ჩხაიძესთან ერთად, ქალთა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი საქართველოს ჩემპიონატში ორჯერ დაეუფლა ვერცხლის მედლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები