Aa
Aa

იჯარა გამოსყიდვის უფლებით - ატალანტა ხვიჩათი სერიოზულადაა დაინტერესებული

იტალიური გამოცემები „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე აქტიურად წერენ და მას რამდენიმე კლუბს უკავშირებენ. 20 წლის შემტევის შესახებ ამჯერად CalcioLine.com-მა ისაუბრა და განაცხადა, რომ მისით ბერგამოს „ატალანტა“ სერიოზულადაა დაინტერესებული.

„მისი სახელი ხვიჩა კვარაცხელიაა და შესაძლოა, იგი მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას ატალანტას ერთ-ერთი სამიზნე იყოს. ქართველი ფეხბურთელი რუბინის რიგებში გამოდის და ელოდება შესაფერის შანსს, რათა ევროპის წამყვან ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბის მაისური მოირგოს.

კვარაცხელია 20 წლისაა და მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა შეუძლია, როგორც მარჯვენა გარემარბის, ისე ფლეიმეიქერის ფუნქციები შეითავსოს. თბილისელ ფეხბურთელს რუბინთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი ევროს გარშემო იქნება.

რუსული კლუბის მაისურით ჩატარებულ 48 შეხვედრაში მან 7 გოლი შეაგდო და დიდი ხანია ატალანტას დამკვირებელთა ყურადღების ცენტრში იმყოფება. ბერგამოში პროცესების დაჩქარებას ცდილობენ და სურთ, რომ იგი იჯარის წესით, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით გადაიბირონ, თუმცა კვარაცხელიათი სხვა კლუბებიც ინტერესდებიან და ერთ-ერთი მათგანი ინტერი გახლავთ“, - წერს CalcioLine.com.

ბოლო პერიოდში ქართველი შემტევი იტალიური კლუბების გარდა, „აიაქსსაც“ დაუკავშირეს, თუმცა ნიდერლანდელთა სპორტულმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ „აიაქსს“ კვარაცხელიას გაფორმება არ სურს.

ხვიჩას მიმართ არსებული ინტერესის მიუხედავად, „რუბინში“ პოზიციას არ იცვლიან და აცხადებენ, რომ მის გასხვისებას არ აპირებენ. ყაზანელთა გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ კლუბს 20 წლის შემტევის თაობაზე წინადადება არ მიუღია და არც რაიმე სახის მოლაპარაკებები გაუმართავს.

შეგახსენებთ, რომ 2020-21 წლების სეზოში „რუბინის“ მაისურით ხვიჩას ანგარიშზე 21 მატჩში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები