''ამ შანსს დიდხანს ველოდი'' - ''კვეკვეს'' მეწყვილე, რომელსაც იდეალურად უგებს
Aa
Aa

''ამ შანსს დიდხანს ველოდი'' - ''კვეკვეს'' მეწყვილე, რომელსაც იდეალურად უგებს

პოლონური პოზნანის ''ლეხის'' ქართველმა საყრდენმა ნიკა კვეკვესკირმა ვარშავულ ''ლეგიასთან'' ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. მიუხედავად ამისა ოპტიმალურ ფორმაში არაა და უახლოეს შეხვედრებში მისგან კიდევ უფრო პროდუქტიულ თამაშს ველით.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეს ''ლეხის'' პრესსამსახური ესაუბრა. მოთამაშემ არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის ნახევარდაცვის ცენტრში შვედ იესპერ კალსტრომთან ერთად თამაშზე.

''ლეგიასთან'' მატჩი ჩემთვის განსაკუთრებული იყო, რადგან სასტარტოში თამაშის შანსს დიდი ხანია ველოდი, თუმცა ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე არ გამომივლენია, ჩემი თამაშის გაუმჯობესება შემიძლია, ეს არ არის ჩემი მაქსიმუმი.

იესპერი შესანიშნავი პიროვნება და მაღალი დონის მოთამაშეა. აქედან გამომდინარე, მასთან საერთო ენის გამონახვა მინდორსა თუ გასახდელში ადვილი აღმოჩნდა. თამაშის მიმდინარეობისას ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ და ჩვენი პოზიციები დავიცვათ. მინდორზე ბევრს ვსაუბრობთ როგორ და რა მიმართულებით ვიმოძრაოთ. მასთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნოა''.

შეგახსენებთ, ნიკა კვეკვესკირი პოლონურ კლუბს გასულ ზამთარში შეუერთდა, თუმცა ექსტრაკლასაში ჩატარებული ექვსი მატჩიდან სასტარტოში მხოლოდ ''ლეგიასთან'' მოხვდა, რისი მთავარი მიზეზიც მთავარი მწვრთნელის შეცვლაა. ''ლეგიასთან'' შეხვედრაში პოზნანურ კლუბს დროებითმა მწვრთნელმა უხელმძღვანელა, ახლა კი მთავარ მწვრთნელად მაცეი სკორჟა დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები