Crystalbet ეროვნული ლიგა - დინამომ თბილისურ დერბიში ლოკომოტივი დაამარცხა
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა - დინამომ თბილისურ დერბიში ლოკომოტივი დაამარცხა

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-9 ტურში თბილისური დერბი ვიხილეთ და „ლოკომოტივი“ საკუთარ კედლებში გათამაშების ლიდერს, „დინამოს“ დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და სტუმრებმა 3-1 იმარჯვეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ანგარიში კი 74-ე წუთზე გაიხსნა. თორნიკე ახვლედიანის გამოზომილი გადაცემით ანზორ მექვაბიშვილმა ისარგებლა და „დინამო“ დააწინაურა.

6 წუთში „რკინიგზელთა“ მეკარის, რევაზ თევდორაძის შეცდომით ზორან მარუშიჩმა ისარგებლა და ნემსაძის გუნდის უპირატესობა 2-ბურთიანი გახდა. სერბმა ფეხბურთელმა მალევე დუბლი გაიფორმა და 82-ე წუთზე, კობოურის ჩაწოდების შემდეგ, „ლოკოს“ კარი მეორედ აიღო.

„რკინიგზელებმა“ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს. 85-ე წუთზე, „დინამოს“ მეკარის, ლუკა კუტალაძის შეცდომა გურამ კაშიამ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

„ლოკომოტივის“ დამარცხების შემდეგ, „დინამოს“ 22 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ნემსაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 აპრილს გამართავს და სტუმრად „სამგურალს“ დაუპირისპირდება. „ლოკოს“ რაც შეეხება, „რკინიგზელებს“ 14 ქულა აქვთ და მომდევნო მატჩი 24 აპრილს, „საბურთალოსთან“ ელით.

ფოტო - Crystalbet ეროვნული ლიგა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები