გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "დე ბრუინის ფეხი კარგად არ გამოიყურება"

FA Cup-ის ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ჩელსის“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. პეპ გუარდიოლას გუნდი გათამაშებას ჰაკიმ ზიეჩის ერთადერთი გატანილი გოლით გამოეთიშა.

წაგება თავისთავად არასასიამოვნოა, თუმცა შეხვედრის მიმდინარეობისას სხვა ცუდი ფაქტიც მოხდა. კევინ დე ბრუინმა კოჭი დაიზიანა და თამაში ნაადრევად დაასრულა. პეპს მისი შეცვლა მოუწია. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ესპანელმა სპეციალისტმა ბელგიელ ნახევარმცველზე და სხვა დეტალებზე ისაუბრა.

რა თქვა გუარდიოლამ?

„დე ბრუინი ახლა ტკივილს განიცდის. მისი ფეხი კარგად არ გამოიყურება. კევინი ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ყველაფერი დეტალურად გვეცოდინება.

ლონდონელებმა პირველი 15-20 წუთი ბრწყინვალედ ითამაშეს და ჩვენ ცოტა გაგვიჭირდა. პირველი ტაიმის ბოლო 10 წუთი უკეთესები ვიყავით. ბევრი მომენტი არ შეგვიქმნია, მაგრამ „ჩელსის“ ვჯობდით.

მატჩის ბოლო წუთებზე ფოდენს და გიუნდოგანს კარგი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ვერ გავიტანეთ. „ჩელსის“ გამარჯვებას ვულოცავ. ტუხელს კარგი და მებრძოლი გუნდი ჰყავს.“

„სიტის“ მომავალი მატჩები

„ქალაქელებს“ საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი აქვთ. 21 აპრილს პეპის გუნდი პრემიერ ლიგის ეგიდით „ასტონ ვილას“ ესტუმრება. ამის შემდეგ EFL Cup-ის ჯერი დგება, სადაც „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს, ხოლო 28 აპრილს ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება.

„მანჩესტერ სიტი“ პარიზში გაფრინდება და „პარი სენ ჟერმენს“ დაუპირისპირდება. ამ მარათონულ პერიოდში კი გუნდს კევინ დე ბრუინი ძალიან დაჭირდება.

ცნობისთვის, „ქალაქელები“ პრემიერ ლიგას 74 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ და ჩემპიონობამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები