მძიმე ტრავმა გამოირიცხა - ხვიჩა 10-14 დღეში დაბრუნდება
Aa
Aa

მძიმე ტრავმა გამოირიცხა - ხვიჩა 10-14 დღეში დაბრუნდება

CrystalSport-ის ცნობით ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა. პირველადი მონაცემებით ყველაზე უარეს შემთხვევაში მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება, თუმცა შესაძლოა გუნდური სავარჯიშო პროცესი 10 დღეში განაახლოს.

ამ ეტაპზე ფეხბურთელს სრული სამედიცინო გამოკვლევა არ ჩაუტარებია, თუმცა პირველადი მონაცემების მიხედვით ტრავმა მძიმე არაა და მიმდინარე სეზონში კვლავ დაეხმარება ყაზანურ კლუბს. უდიდესი ალბათობით, მხოლოდ პრემიერ ლიგის ორ ტურს გამოტოვებს, ''კრასნოდართან'' და მოსკოვის ''დინამოსთან'' მატჩებში მოედანზე ვერ ვიხილავთ და 8 მაისს გია გრიგალავას ''არსენალთან'' დაბრუნდება.

Sport Business Gazeta-ს ცნობით არსებობდა დიდი საფრთხე, რომ ფეხბურთელს ამ სეზონში ვეღარ ეთამაშა, თუმცა ეს ვერსია გამოირიცხა.

შეგახსენებთ, ''ურალთან'' მატჩში ტრავმის მიღების ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელია დიდი სიჩქარით მირბოდა, მაგრამ ცენტრში მოულოდნელად დაეცა, ხელის მოქმედებით ჩანდა, რომ ტკივილს მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში გრძნობდა და სამწვრთნელო შტაბს ანიშნა შეცვლის საჭიროებასთან დაკავშირებით. ამ ეპიზოდამდე რამდენიმე წუთით ადრე მან მეტოქესთან შეჯახების შემდეგ ტკივილი მარჯვენა ფეხის მუხლში იგძნო, თუმცა თამაში გააგრძელა. 32-ე წუთზე სლუცკიმ 20 წლის ქართველი შემტევი შეცვალა.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხუთჯერ დაასახელეს, რაც რუსეთის ჩემპიონატის მოთამაშეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ ''რუბინის'' მაისურით პრემიერ ლიგის 23 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი (გამომუშავებული პენალტებიც იგულისხმება) შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები