BBC & Sky Sports: ტოტენჰემმა მოურინიო გაათავისუფლა!
Aa
Aa

BBC & Sky Sports: ტოტენჰემმა მოურინიო გაათავისუფლა!

წამყვანი ბრიტანული გამოცემების, მათ შორის - BBC Sport-ისა და Sky Sports-ის ცნობით, ლონდონის "ტოტენგემმა" ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

კლუბს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა Sky Sports-ი ამტკიცებს, რომ "დეზების" ხელმძღვანელებმა პორტუგალიელს აღნიშნულის შესახებ უკვე შეატყობინეს და ფართო საზოგადოებასაც ამბავს მალე დაუდასტურებენ.

"განსაკუთრებულის" დათხოვნის მიზეზი არასასურველი შედეგები გახდა. "ტოტეს" ბოლო პერიოდში თამაშების მოგება უჭირს და პრემიერ ლიგის ოთხეულს უკვე 5 ქულით ჩამორჩება. როგორც Daily Mail-ი წერს, მოურინიოს გათავისუფლების ამბავი დღევანდელი დილის ვარჯიშის დაწყებამდე შეატყობინეს.

მოურინიო ტოტენჰემში - როდის მოვიდა და რას მიაღწია

ჟოზე მოურინიომ "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, 2019 წლის ნოემბერში, მაურისიო პოჩეტინო ჩაანაცვლა და "დეზებთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. თუმცა, ისე გამოვიდა, რომ იგი დანიშვნიდან 17 თვეში გაუშვეს.

პორტუგალიელის ხელმძღვანელობით, "ტოტენჰემმა" გასული წლის ჩემპიონთა ლიგა 1/8 ფინალურ ეტაპზე, "ლაიპციგთან" მარცხის გამო დაასრულა, წელს კი ევროპა ლიგის 1/8 ფინალიდან ზაგრების "დინამომ" გააგდო.

ვინ შეცვლის ჟოზეს? - პირველი კანდიდატი ნაგელსმანია

კიდევ ერთი გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდის, Daily Mail-ის მიხედვით, ლონდონური კლუბის ჩაბარების ერთ-ერთ პრეტენდენტად იულიან ნაგელსმანი უნდა ჩაითვალოს. თუმცა, "ლაიპციგის" დამრიგებელს ფავორიტთა შორის ჯერჯერობით ვერ ჩავწერთ, რადგან მასთან მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

მოსალოდნელია, რომ "ტოტეს" სეზონის ბოლომდე დროებითი მწვრთნელი ეყოლება, შემდეგ კი გუნდს რომელიმე გამორჩეული სპეციალისტი, მაგალითად, ნაგელსმანი ჩაიბარებს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - "ტოტენჰემს" მიმდინარე კვირის ბოლოს Carabao Cup-ის ფინალი აქვს სათამაშო, მისი მეტოქე "მანჩესტერ სიტი" გახლავთ. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაში გუნდს სწორედ დროებითი მწვრთნელი გაიყვანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები