ჯგუფური ეტაპი უქმდება - ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ცნობილია
Aa
Aa

ჯგუფური ეტაპი უქმდება - ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ცნობილია

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს, UEFA-ს გადაწყვეტილებით 2024 წლიდან ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვლება. Deutsche Welle-ს ცნობით ახალი ფორმატის მიხედვით ტურნირში მონაწილეობას 36 გუნდი მიიღებს. მოგეხსენებათ, მოქმედი ფორმატით ძირითად ბადეში 32 გუნდი მონაწილეობს. ასე რომ მათი რაოდენობა გაიზრდება.

ახალი ფორმატის მიხედვით ჯგუფური ეტაპი გაუქმდება. თითოეული მონაწილე გუნდი მინიმუმ 10 მატჩს ჩაატარებს, ხუთ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს, ხუთ მატჩს კი - სტუმრად. რაც შეეხება მეტოქეების შერჩევის პრინციპს, წყვილები რეიტინგის მიხედვით შეირჩევიან.

36-დან 8 საუკეთესო გუნდი მერვედფინალში პირველად მოხვდება, ხოლო დანარჩენი 8 გუნდის ვინაობა 9-24 ადგილებზე გასული გუნდების დაპირისპირებებით გაირკვევა.

Deutsche Welle-ს ცნობით ტურნირში მონაწილე თითოეული კლუბის შემოსავალი გაიზრდება, თუმცა ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული სახის ინფორმაცია არ გავრცელებულა.

''სუპერ ლიგის'' შესახებ

შეგახსენებთ, ევროპის 12-მა გუნდმა ''სუპერ ლიგის'' შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა. ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ტურნირში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. UEFA მათ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ევროპის ''სუპერ ლიგის'' პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ჯოელ გლეიზერი, რომელიც ამავდროულად ''მან. იუნაიტედის'' თანამფლობელია. მოგეხსენებათ, პერესი ''სამეფო კლუბის'' პრეზიდენტია.

''სუპერ ლიგის'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით გათამაშებას 12 დამფუძნებელი ჰყავს „მილანის“, „არსენალის“, „ატლეტიკოს“, „ჩელსის“, „ბარსელონას“, „ინტერის“, „იუვენტუსის“, „ლივერპულის“, „მან. სიტის“, „ მან. იუნაიტედის“, „რეალისა“ და „ტოტენჰემის'' სახით.

აღნიშნულ კლუბებს 3 თანადამფუძნებელი დაემატება, რომელთა ვინაობა სადებიუტო სეზონამდე გაირკვევა. 3 თანადამფუძნებელი გათამაშების ფინალურ ეტაპზე ყოველ სეზონში ითამაშებს, დამატებით 5 გუნდი კი საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით შეირჩევა.

20 მონაწილე ორ ჯგუფში, 10-10 გუნდად გადანაწილდება და გასვლა-სახლის პრინციპით, წრიული სისტემით ითამაშებს. ჯგუფების 3-3 საუკეთესო გუნდი 1/4 ფინალში გავა, კიდევ ორი გუნდი კი დამატებითი პლეი-ოფით გამოვლინდება. ტურნირის დაწყებას მიმდინარე წლის აგვისტოდან ვარაუდობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები