''ეს იდეა პატარა გუნდების ოცნებას დაასრულებს'' - ერერა სუპერ ლიგის წინააღმდეგია
Aa
Aa

''ეს იდეა პატარა გუნდების ოცნებას დაასრულებს'' - ერერა სუპერ ლიგის წინააღმდეგია

პსჟ-ს ბასკი ნახევარმცველი ანდერ ერერა ''სუპერ ლიგის'' შექმნას გამოეხმაურა. 31 წლის ფეხბურთელი აღნიშნული რევოლუციური იდეის წინააღმდეგია. მან ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში დაწერა.

''მიყვარს სახალხო ფეხბურთი, მიყვარს ფეხბურთის ქომაგები და თუ ''სუპერ ლიგა'' ჩატარდება, ის ოცნება დასრულდება, რაც პატარა გუნდებისთვის დიდი გუნდების დამარცხებას გულისხმობდა.

მე მჯერა გაუმჯობესებული ჩემპიონთა ლიგის და არა იმის, რომ მდიდრები იპარავდნენ ადამიანთა მიერ შექმნილს - პლანეტის ყველაზე ლამაზ სპორტის სახეობას.

მიყვარს ფეხბურთი და არ შემიძლია დავრჩე მშვიდი ''სუპერ ლიგის'' იდეასთან მიმართებით.

თუ ''სუპერ ლიგის'' იდეა განხორციელდება, პატარა გუნდების ქომაგთა ილუზიები დასრულდება, პატარა გუნდები დიდი კლუბების დამარცხებას ვეღარ შეძლებენ''.

''სუპერ ლიგის'' შესახებ

შეგახსენებთ, ევროპის 12-მა გუნდმა ''სუპერ ლიგის'' შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა. ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ტურნირში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. UEFA მათ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ევროპის ''სუპერ ლიგის'' პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ჯოელ გლეიზერი, რომელიც ამავდროულად ''მან. იუნაიტედის'' თანამფლობელია. მოგეხსენებათ, პერესი ''სამეფო კლუბის'' პრეზიდენტია.

''სუპერ ლიგის'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით გათამაშებას 12 დამფუძნებელი ჰყავს „მილანის“, „არსენალის“, „ატლეტიკოს“, „ჩელსის“, „ბარსელონას“, „ინტერის“, „იუვენტუსის“, „ლივერპულის“, „მან. სიტის“, „ მან. იუნაიტედის“, „რეალისა“ და „ტოტენჰემის'' სახით.

აღნიშნულ კლუბებს 3 თანადამფუძნებელი დაემატება, რომელთა ვინაობა სადებიუტო სეზონამდე გაირკვევა. 3 თანადამფუძნებელი გათამაშების ფინალურ ეტაპზე ყოველ სეზონში ითამაშებს, დამატებით 5 გუნდი კი საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით შეირჩევა.

20 მონაწილე ორ ჯგუფში, 10-10 გუნდად გადანაწილდება და გასვლა-სახლის პრინციპით, წრიული სისტემით ითამაშებს. ჯგუფების 3-3 საუკეთესო გუნდი 1/4 ფინალში გავა, კიდევ ორი გუნდი კი დამატებითი პლეი-ოფით გამოვლინდება. ტურნირის დაწყებას მიმდინარე წლის აგვისტოდან ვარაუდობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები