GOAL: სუპერ ლიგა ბართომეუს იდეა იყო და არა პერესის
Aa
Aa

GOAL: სუპერ ლიგა ბართომეუს იდეა იყო და არა პერესის

ცნობილი სპორტული გამოცემა Goal-ი წერს, რომ სუპერ ლიგის შექმნის ინიციატორი არა ფლორენტინო პერესი, არამედ „ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ იყო.

როგორც ცნობილია, სუპერ ლიგის შექმნაზე საუბრები რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 2015-16 წლების სეზონში ახალი ტურნირის შესახებ პირველი ძვრები შეინიშნებოდა, თუმცა უეფამ სიტუაცია კონტროლს მალევე დაუქვემდებარა.

Goal-ის ცნობით, იმ მომენტში ვინც უეფას არ დაემორჩილა და ახალ ტურნირზე მუშაობა განაგრძო სწორედ ბართომეუ იყო, რომელიც ECA-ს (ევროპული კლუბების ასოციაცია) მაშინდელ პრეზიდენტს ანდრეა ანიელის დაუკავშირდა და სუპერ ლიგის დაარსებაზე მუშაობა დაიწყო.

წყაროს ცნობით, მათ მალევე შეუერთდნენ „რეალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“.

პროცესი 2018 წელს დაჩქარდა, როდესაც უეფას მიერ თანხების გადანაწილებასთან დაკავშირებით გრანდებმა პრობლემები დაინახეს. Goal-ი წერს, რომ იმ დროს ბართომეუ კლუბის 2 აღმასრულებელ დირექტორთან ერთად სრულიად ფარულად და დამოუკიდებლად მუშაობდა.

ტურნირის დაგეგმარება 2020 წელს დასრულდა და ბართომეუმ კლუბის დირექტორთა საბჭოს ინფორმაცია სწორედ ამის შემდეგ გაანდო. წყაროს ცნობით, ყველაზე უცნაური ის იყო, რომ საბჭოს წევრებმა დოკუმენტს ხელი ისე მოაწერეს, რომლის შინაარსი არ იცოდნენ. (იდეის ავტორ კლუბებს კონფიდენციალურობის ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული და ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა).

როდესაც ბართომეუ პოსტიდან გადააყენეს, ბოლო დღეებში მან მოასწრო და სუპერ ლიგაში კლუბის მონაწილეობის შესახებ პრესას განუცხადა.

ბართომეუს დაწყებული საქმე ლაპორტამ გადაიბარა და ამოცანას თავი საკმაოდ მაღალ დონეზე გაართვა. როგორც ცნობილია, ლაპორტამ სუპერ ლიგის კონტრაქტზე ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა, როცა ჩაიწერა პუნქტი, რომელიც კლუბის წევრებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებას აძლევდა.

შეგახსენებთ, რომ ბართომეუ პირველ მარტს დააკავეს. ამჟამად კი დროებით გათავისუფლებულია.

ბართომეუ კლუბის ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვაში დაადანაშაულეს. მას ასევე ბრალი ედება 1 მილიონი ევროს უკანონოდ გამოყენებაში, რაც სოციალურ ქსელებში ყალბი ექაუნთების, ეგრეთწოდებული ბოტების სკანდალთან არის დაკავშირებული.

კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ამ ყველაფერს საკუთარი გადაწყვეტილებების გასამართლებლად და ამავდროულად გუნდის ლიდერების გასაკრიტიკებლად იყენებდა. საუბარია მესის, პიკეს და სხვების შესახებ, რომლებსაც ბართომეუს ეგრეთწოდებული ბოტები სოციალურ ქსელებში ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით აქტიურად აკრიტიკებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები