ბრძოლა მბაპესთვის - როგორ აჯობა პსჟ-მ რეალს?
Aa
Aa

ბრძოლა მბაპესთვის - როგორ აჯობა პსჟ-მ რეალს?

ლუის ფერერი „პარი სენ-ჟერმენში“ 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და ანტერო ენრიკესთან და ლეონარდოსთან ერთად, პერსპექტიული ახალგაზრდების ტრანსფერების გაჩარხვაზე მუშაობდა. ფერერს ამჟამად თავისი ბიზნესი აქვს და პარიზული გრანდი დატოვა, თუმცა პსჟ-ს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გარიგების დადებაში დაეხმარა, რომელიც იმ პერიოდში ბევრის აზრით, წარმოუდგენელი იყო.

ფერერმა Goal-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და გაიხსენა, თუ როგორ მოახერხეს მან და მისმა გუნდმა კილიან მბაპე „რეალისთვის“ უარის თქმასა და კარიერის „პარი სენ-ჟერმენში“ გაგრძელებაზე დაეყოლიებინათ.

„კილიან მბაპეს ტრანსფერი ნომერ პირველი იყო და საქმე მხოლოდ ფულს არ ეხება. ყველაფერი სხვანაირადაა და გარიგების გაჩარხვას თვეები დასჭირდა. იგი მონაკოში შესანიშნავად ასპარეზობდა და ყველამ იცოდა, რომ ბრილიანტი გახლდათ, თუმცა ისიც ვიცოდით, რომ იგი რეალის ნომერ პირველი სამიზნე იყო.

მადრიდელები მას თვალს აქტიურად ადევნებდნენ და მათ შესაჩერებლად გზა უბრალოდ არ არსებობდა. რეალს ღილაკისთვის თითის დაჭერაღა ჰქონდა დარჩენილი და ტრანსფერს გაჩარხავდა. პსჟ-ს რაც შეეხება, ჩვენ იმ პერიოდში ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი ტრანსფერი განვახორციელეთ, ნეიმარი გადავიბირეთ და ფინანსური ფეარ პლეის გამო მბაპეს შეძენა არ შეგვეძლო.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიზნის მისაღწევად გენიალური იდეის მოფიქრება მოგვიწია, რომელშიც წვლილი ყველას მიუძღვის. უნდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებებში აგენტი არ მონაწილეობდა და ასე რომ არ ყოფილიყო, არაფერი გამოგვივიდოდა. პირველ წელს მხოლოდ იჯარაზე შევთანხმდით, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ვადის გასვლის შემდეგ, მბაპეს კონტრაქტის გამოსყიდვის ვალდებულება გვქონდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კილიანი არ მოუკლებდა.

მბაპეს ოცნება რეალში თამაშია და ვიცოდით, რომ ამის გამო გაცილებით მეტი უნდა გვემუშავა. ჩემი იდეა იყო, კილიანისთვის მეთქვა, რომ ჯერ პსჟ-ში გადასულიყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდებოდა და ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს დავპირდი, რაც იმ მომენტში რეალს სავარაუდოდ, არ შეეძლო. ზოგადად ასეთი დაპირებების მიცემა ჩვენს კომპეტენციას სცდება და ამას მთავარი მწვრთნელი აკეთებს, მაგრამ მბაპეს ნიჭში იმდენად ვიყავით დარწმუნებულნი, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ“.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 165 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 125 გოლი და 60 შედეგიანი გადაცემაა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები