Aa
Aa

"ბედნიერი ვარ, ეს ჩემი სახლია!" - ზლატანმა კონტრაქტი გაახანგრძლივა!

დღეს სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზლატანი იბრაჰიმოვიჩი „მილანთან“ კონტრაქტს 1 წლით გაახანგრძლივებდა. ფაბრიციო რომანოს თქმით, ეს საკითხი რამდენიმე საათში ოფიციალურად უნდა დადასტურებულიყო.

რამდენიმე წუთის წინ, „მილანის“ ოფიციალურმა ვებ-საიტმა დაადასტურა, რომ შვედი ლეგენდა „როსონერიში“ მომავალ სეზონშიც იქნება.

ამასთან დაკავშირებით თავად ზლატანმა კომენტარი გააკეთა: „ბედნიერი ვარ, ეს ჩემი სახლია. მე აქ კიდევ ერთი წლით ვრჩები. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გახლავთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ „მილანში“ თამაში სახლში ყოფნას ჰგავს.

ძალიან ბედნიერი ვარ. ეს კლუბი საოცარ გრძნობას მანიჭებს. მწვრთნელები, გულშემატკივრები და ყველა ის ადამიანი, რომლებიც აქ მუშაობენ. აქაურობა სახლს ჰგავს.  აქ დაბრუნების დღიდან სტეფანო პიოლისთან მუშაობა ძალიან ადვილია, რადგან მას სწორი მენტალიტეტი აქვს. მას აქვს ენერგია, რომელიც გუნდს ყოველდღიურად ცვლის. მას უნდა, რომ გუნდისგან მაქსიმუმი მიიღოს."

ზლატანი „მილანში“ დაბრუნების შემდეგ

იბრა 39 წლის ასაკში კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს. 2019 წლიდან დღემდე ზლატანმა "როსონერის" მაისური 45-ჯერ მოირგო და 28 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში შვედს სერია ა-ში 15 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ მან ამ რაოდენობის გოლების გატანა 17 მატჩში მოახერხა. ზლატანმა რამდენჯერმე ტრავმა მიიღო და ამის გამო 15 მატჩი გამოტოვა.

იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ ნაკრებშიც დაბრუნდა და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დებიუტი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა. შვედებმა ხსენებული დაპირისპირება 1:0 მოიგეს და ეს მატჩი ზლატანისთვის ისტორიული აღმოჩნდა.

იბრა გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა. "მილანის" შემტევმა მეკარე ტომას რაველის რეკორდი გააუმჯობესა. რაველმა ეროვნულ ნაკრებში თავისი უკანასკნელი მატჩი 38 წლისა და 59 დღის ასაკში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები