Aa
Aa

"ფეხბურთელებზე საერთოდ ვინმე ფიქრობს?" - გიუნდოგანი ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს აკრიტიკებს

უეფა-მ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024-25 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვლება. ტურნირზე ჯგუფური ეტაპი უქმდება, რაც გათამაშებაზე მატჩების რაოდენობის ზრდას იწვევს. ფორმატზე უფრო კონკრეტულად ოდნავ ქვემოთ ვისაუბროთ, იქამდე კი ვთქვათ, რომ ფეხბურთელთა ნაწილს ის არ მოსწონს და ერთ-ერთი ასეთი „სიტის“ ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანია.

„ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი ფორმატი დიდებულად მუშაობს და ამიტომაცაა, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურნირია - ფეხბურთელებისთვისაც და ფანებისთვისაც.

ბოლო დღეებში ყველა „სუპერ ლიგის“ ამბებს განიხილავს, თუმცა შეგვიძლია, ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი განვიხილოთ? მეტი, მეტი და მეტი მატჩი. ჩვენზე, ფეხბურთელებზე ვინმე ფიქრობს? თუკი „სუპერ ლიგას“ შევადარებთ, ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ორ ცუდს შორის ოდნავ უფრო კარგია“, - წერს „ტვიტერზე“ გიუნდოგანი.

ახალი ფორმატით, ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების რაოდენობა 36-მდე იზრდება და თითოეულ მონაწილეს პირველ ეტაპზე 10 მატჩის ჩატარება, უეფა-ს რეიტინგის შედეგებით შედგენილი კალენდრის მიხედვით, შესაბამის მეტოქეებთან მოუწევს, რასაც, შესაძლოა, პლეი-ოფის კიდევ 2 შეხვედრა დაემატოს.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი გუნდი მეცხრე და 24-ე ადგილებს შორის პოზიციას დაიკავებს. აღნიშნულ ადგილებზე გასულ კლუბებს შორის ორრაუნდიანი დაპირისპირება გაიმართება და გამარჯვებული 8 კლუბი მერვედფინალურ ეტაპზე ლიგის 8 საუკეთესო გუნდს შეუერთდება. ამის შემდეგ ტურნირი უკვე ჩვეულებრივად პლეი-ოფის ორრაუნდიანი სისტემის ფორმატით გაგრძელდება.

იმ ფონზე, რომ ფეხბურთელებს და განსაკუთრებით ვარსკვლავებს, ისედაც ძალიან გადატვირთულ გრაფიკში თამაში უწევთ, მათთვის კიდევ მინიმუმ ოთხის და პოტენციურად - 6 მატჩის დამატება, მართლაც, სერიოზული დატვირთვაა. წესით, გიუნდოგანის პათოსს ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელი უნდა იზიარებდეს. მაგალითად, „ტვიტერზე“ გერმანელის ამ პოსტს 250 000-ზე მეტი მომხმარებელი „იწონებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები